მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა საქართველოს და უნგრეთის ეკონომიკური კავშირები?

ვიქტორ ორბანი

დღეს საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

უნგრეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 189 მილიარდი დოლარია, ხოლო ერთ მოსახლეზე მშპ მიმდინარე ფასებში 18.7 ათას დოლარს შეადგენს, რითაც ის EU-ს მხოლოდ 4 ქვეყანას, პოლონეთს, ხორვატიას, რუმინეთსა და ბულგარეთს უსწრებს.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მცირეა. კავშირის მთავარი წყარო საგარეო ვაჭრობაა. 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 60.6 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც 95% საქართველოს იმპორტს (57.5 მლნ დოლარი) შეადგენდა, ექსპორტი კი მხოლოდ 3.1 მილიონი დოლარი იყო.

მთავარ სავაჭრო საქონელს მედიკამენტები წარმოადგენს, რადგანაც უნგრეთი ევროკავშირში მედიკამენტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მათ შორის უმსხვილესი კომპანია Gedeon Richter-ია. 2023 წლის 8 თვეში საქართველომ უნგრეთიდან 46 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, აქედან 24.3 მილიონი დოლარი სწორედ მედიკამენტებზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა $2.4 მილიონით ხორცპროდუქტები, $2.3 მილიონით ავტოიმპორტი, 2 მილიონი დოლარის ღირებულების კბილის პასტა და $1 მილიონის ღირებულების ინსექტიციდები.

გაცილებით უფრო მოკრძალებულია საქართველოს ექსპორტი, რაც 2023 წლის 8 თვეში მხოლოდ 600 ათასი დოლარი იყო. მათ შორის 100 ათას დოლარს მხოლოდ ორი-ორი საქონელი აჭარბებდა - ესენია ტანსაცმელი 200 ათასი დოლარის ოდენობით და ხილის წვენები 113 ათასი დოლარის ოდენობით. ექსპორტში მესამე ადგილს მობილური ტელეფონების რეექსპორტი წარმოადგენს 88 ათასი დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ კავშირებს, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უნგრეთიდან 2.7 მილიონი დოლარის ღირებულების FDI შემოვდია, შედარებით 2022 წელს უნგრული ინვესტიციები 4 მილიონ დოლარს შეადგენდა. საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 2-3 მილიონი დოლარის უნგრულ ინვესტიციებს იღებს.

საკმაოდ მცირეა საქართველო-უნგრეთის ტურისტული კავშირები. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უნგრეთის 2,564 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით მეტია. შედარებისთვის, მთლიანად EU-ს ქვეყნების ვიზიტორებმა საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 162 ათასი ვიზიტი განახორციელეს, საიდანაც უნგრეთის მოქალაქეებზე 1.6% მოდიოდა.

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში საქართველოში უნგრეთიდან 4 ათასი ვიზიტი განხორციელდა, 2021 წელს კი უნგრეთის მოქალაქეებმა 3,500 ვიზიტი განახორციელეს საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები