რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამით“ 59 ბიზნესიდეა დაფინანსდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალგაზრდა მეწარმეების ეკონომიკურ აქტივობას.
„პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 11,8 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 146 ბიზნესიდეა, მათ შორის – 84 საოჯახო სასტუმრო 6,8 მლნ ლარის ოდენობით. მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 4,4 მლნ ლარით დაფინანსდა 59 ბიზნესიდეა, მათგან 38 საოჯახო სასტუმრო – 2,8 მლნ ლარით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით შექმნილ სასტუმრო „ასკრიონს“ ესტუმრა.
სასტუმრო „ასკრიონი“ 2023 წელს გაიხსნა. მისი შექმნა „მაღალმთიან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 100,000 ლარი შეადგინა. სასტუმროს 7 ნომერი აქვს და 20 სტუმრის მიღება შეუძლია.
ვიზიტს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.



























