მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის აღდგენა 100.6 ჰა-ზე მიმდინარეობს - სონღულაშვილი

სონღულაშვილი

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის აღდგენის სამუშაოები 100,6 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სატყეო სამსახურის ახალ ოფისს ესტუმრა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. ახალი ოფისი, რომელიც რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტს ემსახურება, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით.

უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურში 104 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 11 მეტყევე და 57 ტყის მცველი. ხოლო, ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით რეგიონის დაახლოებით 250 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

„რაჭის რეგიონს ტურისტული პოტენციალის განვითარების კარგი შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობა ამ რეგიონში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კერძო სექტორის ხელშეწყობა ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა და ეკოტურიზმის განვითარებაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია, რაც რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის თქმით, ტყის ინვენტარიზაცია რეგიონში 2021-2024 წლებში განხორციელდა, რის შედეგადაც განახლდა მონაცემები ტყეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ამასთან, 268 000 ჰექტარ ტერიტორიაზე მომზადებულია ტყის მართვის 10-წლიანი გეგმები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები