მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭას ინფრასტრუქტურული "შოკური თერაპია" და მსხვილი ინვესტიციები სჭირდება - "საყუდელას" დამფუძნებელი

საყუდელა

რაჭას მასშტაბური და კომპლექსური განვითარების გენერალური გეგმა სჭირდება, რისი სახსრებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია - რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მოქმედი განთავსების ობიექტის, "საყუდელას" დამფუძნებელი არჩილ გურგენიძე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე ტურისტულ სეზონს "საქმიანი დილას" ეთერში აფასებს.

"ვთვლი, რომ აქ უკვე გარკვეული "შოკური თერაპიის" მსგავსი ღონისძიებაა მისაღები - უნდა განხორციელდეს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული განვითარების გენგეგმა. ეს კომპლექსურად უნდა მოხდეს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. კარგად მესმის, რომ თავად ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არ აქვს ის ბიუჯეტი, რაც რეგიონს სჭირდება, ამიტომ კონკრეტული პროექტებისთვის თანხები ცენტრალური ხელისუფლებიდან უნდა გამოიყოს.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ინვესტორების შემოყვანას მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. მაგალითად, იყო საუბარი ჭუთხაროზე ზამთრის კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე ორი წელია ამ თემაზე მხოლოდ ვსაუბრობთ და ჯერჯერობით არაფერი განხორციელებულა. "შოკურ თერაპიაში" სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ დიდი ფინანსები უნდა ჩაიდოს როგორც პიარში, ისე ინფრასტრუქტურაში", - აღნიშნავს არჩილ გურგენიძე.

მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით ელექტროენერგიის მიწოდება უფრო სტაბილური გახდა და გზებიც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა ძირითადი ტურისტული ლოკაციები სათანადო კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი, რაც ინვესტორებისთვის ბარიერს ქმნის.

"მაგალითად შაორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება პირდაპირპროპორციულად შეუწყობს ხელს მთელი რეგიონის წინსვლას. დღეს შაორზე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არაფერია - არც გაზიფიცირებაა და არც კომუნიკაციები, რის გამოც ინვესტორები თავს იკავებენ. ამასთან, პრობლემას აძლიერებს 2019 წლის დადგენილებით მიღებული K1 კოეფიციენტი, რომელიც მსხვილი ინვესტორისთვის ერთგვარი ბარიერია მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. მსგავსი პრობლემები და ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე კი შემდგომ მთელ რეგიონზე აისახება", - განმარტავს ის.

"საყუდელას" დამფუძნებელი ასევე ეხება შოვის 2023 წლის ტრაგედიის შემდგომ პერიოდს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობაში შიშის ფაქტორი კვლავ ნარჩუნდება, რაც ონის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითად აისახება.

"რაჭას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული მიდგომა, როგორც პირდაპირი ინვესტიციების, ისე კერძო ინვესტორების მოზიდვის კუთხით, თუნდაც სიმბოლურ ფასად პრივატიზებისა და კონკრეტული ვალდებულებების დაკისრების გზით. უცხოელ ტურისტებთან მიმართებით ჯერჯერობით ისევ ქართველი მომხმარებელი აქტიურობს. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, არახელსაყრელი ამინდების გამო ის ფაქტობრივად ჯერ არ დაწყებულა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ზაფხულში დავიტვირთებით, თუმცა იმის მოლოდინი, რომ წინა წელთან შედარებით განსაკუთრებულად უკეთესი სეზონი გვექნება, ნამდვილად არ გვაქვს", - აცხადებს არჩილ გურგენიძე.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, "საყუდელა" გაფართოებას გეგმავს და მიმდინარე სეზონზე მომხმარებელს ახალ სივრცეებს შესთავაზებს:

"ვხსნით მეორე სახლს, რომელიც 12 პერსონაზეა გათვლილი, ასევე მესამე სახლს 4 პერსონისთვის. ჯამში 24 ადამიანის მასპინძლობას შევძლებთ. გარდა ამისა, ვამატებთ კვების მომსახურებას და მცირე, ნელი ნაბიჯებით განვაგრძობთ წინსვლას", - აცხადებს დამფუძნებელი.

ცნობისთვის, "საყუდელა" ნიკორწმინდაში 2023 წელს, $150-ათასიანი ინვესტიციით გაიხსნა და თავდაპირველად 80 მ²-იან, 8 სტუმარზე გათვლილ სივრცეს აერთიანებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები