მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭაში "გარემო" გაფართოვდა - როგორია მოთხოვნა?

გარემო

რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტის „გარემოს“ დამფუძნებელი თამარ დავითულიანი აცხადებს, რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ობიექტი გაფართოვდა და მიმდინარე სეზონს მნიშვნელოვანი ინვესტიციით ხვდება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა. მისი თქმით, „გარემოს“ მიმართ მაღალი ინტერესი კვლავ ნარჩუნდება, რის გამოც 2026 წლის სეზონისთვის ობიექტი განახლდა.

"გარემოს” მიმართ ყოველთვის იყო მოთხოვნა და დიდი ინტერესი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი დამსვენებელი მიგვეღო. არა მხოლოდ ნომრები დავამატეთ, არამედ მთლიანად სივრცე მოვაწყვეთ უკეთესად. სივრცეში დაახლოებით 250 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, რომ წლევანდელ სეზონს უფრო მომზადებულები შევხვდეთ", - განაცხადა დავითულიანმა.

მისივე განმარტებით, ობიექტზე განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ განთავსების რაოდენობის ზრდას არ გულისხმობს და მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სერვისების გაუმჯობესებას.

„საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს და ეს გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც დასვენების, კვების, ისე გართობის მრავალფეროვანი შესაძლებლობა. სრულად გადავანაწილეთ სივრცეები, რომ სტუმრებს მაქსიმალურად მყუდრო გარემო ჰქონდეთ. რესტორანი წელს უფრო გაფართოებული და მეტი სერვისით იმუშავებს, გვაქვს აუზი და დამატებითი გასართობი სივრცეებიც“, - აღნიშნა მან.

დავითულიანის თქმით, ობიექტზე მოთხოვნა აქტიურად იზრდება და ჯავშნების მიღება უკვე გაზაფხულიდან გააქტიურდა, ხოლო ზაფხულის გარკვეული პერიოდები უკვე შევსებულია: „კლიმატის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის გვყავს სტუმრები, რადგან ვთავაზობთ განსხვავებულ გარემოს. ახლა უკვე აქტიურად დაიწყო ჯავშნები და ზაფხულის თარიღების ნაწილიც შევსებულია. მოლოდინები საკმაოდ დადებითია. ძირითადად ქართველებზე მოდის მოთხოვნა და იმდენად მაღალია ინტერესი, რომ უცხოელები ხშირად ვერ ასწრებენ დაჯავშნას. ჩვენ ძირითადად პირად ჯავშნებს ვიღებთ და უცხოელებს წვდომა უფრო Booking-ის პლატფორმიდან აქვთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება სეზონურობას, მისი თქმით, რაჭაში პიკური პერიოდი კვლავ ივლის-აგვისტოზე მოდის, თუმცა წელს დატვირთვა უფრო თანაბრად ნაწილდება : "ტრადიციულად სეზონი ორი თვეა - ივლისი და აგვისტო, თუმცა წელს უკვე გაზაფხულიდან გვაქვს აქტიური დატვირთვა და თვეები შედარებით თანაბრად ივსება", - აღნიშნა მან.

თამარ დავითულიანი ასევე საუბრობს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსზე: „ადამიანური რესურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა - გვიჭირს კადრების მოძიება. კვების მიმართულებაც გამოწვევაა, თუმცა ეს სფერო ნელ-ნელა ვითარდება და ხარისხიც აშკარად გაუმჯობესებულია. უფრო დიდი გამოწვევა კი არის, რა დამატებითი აქტივობები შევთავაზოთ სტუმრებს“, - განაცხადა მან.

ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებით, „გარემოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად განხორციელებული ინვესტიციებისა, ობიექტი ფასების ზრდას არ გეგმავს. მისივე ინფორმაციით, კოტეჯის ღირებულება 250 ლარს შეადგენს, ხოლო ნომრების ფასი 160-170 ლარიდან იწყება. ობიექტი ერთდროულად დაახლოებით 25 სტუმრის მიღებას შეძლებს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას დავითულიანი აღნიშნავს, რომ „გარემო“ განვითარებას და მრავალფუნქციურ კომპლექსად ჩამოყალიბებას გეგმავს: „გვინდა, ერთიანი სივრცე შევქმნათ, სადაც ყველა ტიპის მომხმარებელი შეძლებს განთავსებას. მომავალში ვგეგმავთ უფრო მაღალი კლასის სასტუმროს დამატებას, ასევე გასართობ ინფრასტრუქტურას პადელის მოედანს, ჩოგბურთის კორტს და სხვა სივრცეებს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ბიზნესის განვითარება დიდწილად დამოკიდებული იქნება მიმდინარე სეზონის შედეგებზე, თუმცა მოლოდინები ამ ეტაპზე პოზიტიურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები