მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში, სოფელ გლოლაში ახალი სასტუმრო "ორდ ინნი" გაიხსნა - რა ჯდება დასვენება?

ორდ ინნ

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, ახალი საოჯახო ტიპის სასტუმრო "ორდ ინნი" (Ord Inn) გაიხსნა. 6-ნომრიანი სასტუმრო ოფიციალურად 18 ივლისს ამოქმედდა, ხოლო პირველი სტუმრები 20 ივლისიდან მიიღო.

როგორც bm.ge-სთან საუბრისას "ორდ ინნის" მარკეტინგის მენეჯერმა, ლილი ორდინიძემ აღნიშნა, სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და ერთდროულად 20-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

"სასტუმროში სულ ექვსი ნომერია, რომლებიც შიგნიდან მთლიანად ხით არის მოპირკეთებული და ყველა მათგანს ინდივიდუალური სველი წერტილი აქვს. პირველ სართულზე მოწყობილია კვების სივრცე, როგორც შიდა, ისე გარე ვერანდით. სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ როგორც ჩვენ მიერ მომზადებული კვებით, ისე ინდივიდუალური შეკვეთებით.

სასტუმრო საშუალო საფასო კატეგორიაზეა გათვლილი და ფასები 120 ლარიდან იწყება. ღირებულება იცვლება ნომრის სიდიდისა და კვების კომპონენტის მიხედვით. ორიენტირებული ვართ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე - მაგალითად, ამ ეტაპზე ქართველებთან ერთად ველოდებით სტუმრებს ჩეხეთიდან და ყაზახეთიდან. დატვირთულობის პიკს კი აგვისტოს თვეში ველოდებით", - აცხადებს ლილი ორდინიძე.

"ორდ ინნი" საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა. პროექტი კერძო ინვესტიციასთან ერთად, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით განხორციელდა.

"პროექტში საკმაოდ დიდი ოდენობის პირადი ინვესტიცია დევს. გარდა ამისა, რამდენჯერმე მოვიპოვეთ USAID-ის გრანტი, რომლის დახმარებითაც სასტუმროს სამზარეულოს ნაწილი აღვჭურვეთ. ამ ეტაპზე ობიექტს ოჯახის წევრებით ვმართავთ. ზოგადად, რეგიონში კადრების დეფიციტი ნამდვილად შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით დამატებითი თანამშრომლები არ აგვიყვანია", - აღნიშნავს სასტუმროს წარმომადგენელი.

სასტუმროს დამფუძნებლებმა ლოკაციად სოფელი გლოლა რამდენიმე მიზეზით შეარჩიეს, მათ შორის უმთავრესი ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები და გამორჩეული ჰაერია.

როგორც ლილი ორდინიძე განმარტავს, ობიექტი წლიურ რეჟიმში ფუნქციონირებისთვისაა მზად, თუმცა რეგიონში მთავარ გამოწვევად გაზიფიცირების არარსებობა რჩება.

"ლოკაციის შერჩევის მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ ეს ჩვენი საცხოვრებელი ადგილია. გარდა ამისა, გლოლა გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და სიმშვიდით. სასტუმრო ნაძვნარში მდებარეობს, რაც სამკურნალო ჰაერითა და მიკროკლიმატით არის ცნობილი და საუკეთესოა სასუნთქი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას - მისასვლელი ცენტრალური გზა, ელექტროენერგია და ინტერნეტი გამართულად მუშაობს. მთავარი გამოწვევა ბუნებრივი აირია, რომელიც სოფელში ჯერ შეყვანილი არ არის, თუმცა შესაბამისი პროექტი იგეგმება. ზამთრის სეზონისთვის გათბობა ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე გვაქვს მოწყობილი, ალტერნატივად კი ბუხარსა და შეშის ღუმელს გამოვიყენებთ. შესაბამისად, მზად ვართ სტუმრები ოთხივე სეზონზე მივიღოთ", - ამბობს ის.

"ორდ ინნის" მარკეტინგის მენეჯერი მიიჩნევს, რომ რაჭას ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი რესურსი აქვს, თუმცა რეგიონს სახელმწიფოსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მეტი პოპულარიზაცია და ყურადღება სჭირდება.

"რაჭას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს. თუმცა, ჩემი აზრით, დღესდღეობით რეგიონის სათანადო პოპულარიზაცია არ ხდება და მას არ ეთმობა ისეთი ყურადღება, როგორიც სხვა ტურისტულ ზონებს. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება ბუნების მაქსიმალური დაცვის პარალელურად.

თუ მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან გაიზრდება მხარდაჭერა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა მოტივაცია, რეგიონი გაცილებით სწრაფად განვითარდება. ჩვენ უკვე ვგეგმავთ გაფართოებას - ამ ეტაპზე ცნობადობის ამაღლებაზე ვმუშაობთ, მოგვიანებით კი ეზოში სამომავლოდ ბავშვთა გასართობი სივრცისა და აუზის მოწყობა იგეგმება, რასაც, ალბათ, მომდევნო წლიდან განვახორციელებთ", - აცხადებს ლილი ორდინიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები