რაჭაში ყურძნის კრეფამდე დაახლოებით ერთი კვირა რჩება, რაჭველი მევენახეები კი
“საქმიან დილასთან” წინასწარ პროგნოზებს აკეთებენ. კახეთისგან განსხვავებით რაჭაში სტიქიამ ნაკლები ზარალი მოიტანა, თუმცა რაჭაში წელს პრობლემები მაღალმა ტენიანობამ შექმნა.
როგორც "ალეკო სარდანაშვილის მეღვინეობის" დამფუძნებელი ამბობს, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო, რაჭის ვენახები ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულად განადგურდა. მეღვინე წელს შემცირებულ მოსავალს ელოდება.
“რაჭის ვენახებს სოკოვანი დაავადებები შეეხოთ. ჭრაქი და ნაცარი. აღნიშნულმა მთელს მიკროზონაში ძალიან დააზიანა ვენახები, ნაწილი ვენახების მთლიანად განადგურებულია, ზოგიერთი ნახევრად. Აქედან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით მოსავლის ნახევარზე ნაკლები იქნება წელს.
ჩემ შემთხვევაში 20%-მდეა დანაკარგი, საერთო ჯამში რაჭის მოსავალი დაახლოებით 1500 - 1600 ტონას აღწევდა, კარგ შემთხვევაში წელს ამის ნახევარი იქნება,” - ამბობს მეღვინეობის დამფუძნებელი ალეკო სარდანაშვილი.
მეღვინე დარგში არსებულ სუბსიდირების პროგრამასაც აფასებს. როგორც ის განმარტავს, ზოგიერთმა ფერმერმა ვენახები სწორედ სუბსიდირების გამო გააშენა, ამან კი ჭარბი მოსავალი შექმნა.
“სუბსიდირებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. იმისთვის რომ ღვინო გაიყიდოს აუცილებელია ღვინის ტურიზმი და მეღვინეობა განვითარდეს. რაჭა ამ მხრივ მოიკოჭლებს, დაბალ საფეხურზეა, გაყიდვების ზრდისთვის არაფერი კეთდება, რაც ვითარდება არის ახალი ვენახები, სუბსიდიამ ფერმერებს ახალი ვენახების გაშენების სტიმული მისცათ. ამან ჭარბი მოსავალი გამოიწვია და სახელმწიფოს კი სუბსიდირებისთვის თანხის დამატება უწევს,” - განმარტავს ის.