გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ გასტრონომიის სააგენტოს დეპარტამენტების და დირექტორის მოადგილეების რაოდენობა, ამ უწყებას თავისი მიზნების შესრულებისთვის მეტ პასუხისმგებლობას ანიჭევს. ამის შესახებ ქეთი კვიჭიძემ BM.GE-ს ახალი სსიპ-ის შექმნასა და მის თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძის დანიშვნის შესახებ საუბრისას განუცხადა.
გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალმა სააგენტოს მიერ თავის ფუნქცია-მოვალეობების შესრულების პროცესში კერძო სექტორი აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
“რადგან გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება და 10 დეპარტამენტი იქნება, ჩვენც მეტი მოთხოვნა გვექნება, რომ მართლა იმუშაონ დარგის განვითარებისთვის. 10 დეპარტამენტი სერიოზული განაცხადია და ნამდვილად გვექნება მოთხოვნა, რომ ახალი სსიპ-ი ძალიან წარმატებული იყოს… ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ”, - განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.
დარგობრივი გაერთიანების თანადამფუძნებელი სსიპ-ის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს არ იცნობს და იმედოვნებს, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ლევან ქარუმიძის გაცნობა მალე შეეძლებათ. კითხვაზე - რას ურჩევს ის ახალი სსიპ-ის ხელმძღვანელს, ქეთი კვიჭიძე პასუხობს: “პირველ რიგში ქართული, ადგილობრივი პროდუქტების განვითარება უნდა დაიწყოს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ის არის რომ ამ ეტაპზე პროდუქცია არ გვაქვს - ადგილობრივ, ნორმალურ პროდუქტს ვერ ნახავ, თუ გვაქვს პრეტენზია გასტრონომიის განვითარებაზე პროდუქცია არ გვაქვს. კი ბატონო, პროდუქტის ხარისხზე, რეალურად სურსათის უვნებლობის სააგენტო მუშაობს, და ამავე დროს ამ პროდუქტების დაცვა და კვლევაც მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი იქნება თუ სააგენტო ნორმალურად იმუშავებს, მთავარია როგორც ხდება ხოლმე, რაღაც მორიგი სააგენტოს არ დარჩეს, რომელიც შეიქმნა”.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი სსიპ-ის – „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე დაინიშნა. სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
სააგენტოში 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური შეიქმნება, კერძოდ:
ა) გასტრონომიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;
ბ) გასტრონომიის განვითარების დეპარტამენტი;
გ) გასტრონომიის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;
დ) გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ვ) საფინანსო დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;
თ) გასტრონომიული სექტორის კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური;
ი) იურიდიული სამსახური;
კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
ახალი სსიპ-ი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, ასევე სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით დაფინანსდება.




























