მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რადგან სახელმწიფოს რთველში ჩარევა უწევს, მევენახემ სახელმწიფოს პირობებიც უნდა გაითვალისწინოს - მეხუზლა

ლევან მეხუზლა

„ვინაიდან სახელმწიფოს უწევს რთველში ჩარევა შესაბამისი ინსტრუმენტებით, მევენახემ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს პირობებიც" - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო თავმჯდომარე.

ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ მიმართულ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ლევან მეხუზლას კომენტარს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ის აცხადებს, რომ კომერციული ვენახების გაშენების პირობა ნორმატიულ აქტში გაიწერება.

„ვინაიდან სახელმწიფოს უწევს რთველში ჩარევა შესაბამისი ინსტრუმენტებით, მევენახემ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს პირობებიც. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ბოლო ათწლეულია დარგისადმი ინტერესი დიდია, იზრდება ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ თიხნარში გააშენა ვენახი, რომელიც რამდენიმე წელიწადში გახმა; იყო შემთხვევა, როდესაც ვენახი გაშენდა ზღვის დონიდან ისეთ სიმაღლეზე, სადაც არ შეიძლება ვენახის გაშენება. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს და არც მათ, ვინც ვენახის გაშენებას გეგმავს პირადი მოხმარებისთვის. ახალი, კომერციული ვენახის გაშენების პირობა გაიწერება შესაბამის ნორმატიულ აქტში და რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არავის შეექმნება თანხმობის მიღების პრობლემა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები