მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიო ქალაქის პროექტზე მუშაობა სრულდება - როდის დაიწყება მისი განხორციელება?

62d95c7a43e3e
ანუკა ჯოხაძე
22.07.22 00:25
1404
მუხიანში მდებარე ყოფილი ქარხნის გათანამედროვება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერმა "რადიოქარხნის" ტერიტორია ბიზნესს საინვესტიციოდ 2 წლის წინ შესთავაზა. გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვაც, რომელშიც გამარჯვებულად "აჭარა ჯგუფი" დასახელდა. რადიო ქალაქის პროექტის განხორციელება 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადავადდა.

რამდენიმე თვის წინ BM.GE-თან "აჭარა ჯგუფის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რადიო ქალაქის მოწყობა 2022 წლის პირველ კვარტალში უნდა დაწყებულიყო.

დღეს თბილისის მერიისგან ირკვევა, რომ ადგილზე სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. კახა კალაძის თქმით, რადიო ქალაქის პროექტზე მუშაობა სრულდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისის მერი პროექტის დაწყების ვადებს მაინც ვერ აკონკრეტებს.

“რადიო ქალაქი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო, დღესაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმიტომ რომ არსებული რაიონისთვის ამ პროექტის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროექტი შექმნის დამატებით ძალიან დიდ ცენტრს, სადაც შესაძლებლობა ექნება ყველა თაობის ადამიანს მივიდეს, გაერთოს, დაისვენოს და ისიამოვნოს. თქვენ იცით, რომ პროექტი, აიღო "აჭარა ჯგუფმა", ამ წუთში მიმდინარეობს უშუალოდ პროექტზე მუშაობა და ძალიან მალე დაიწყება მისი განხორციელება", - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

შეგახსენებთ, ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც 2019 წელს გამოცხადდა, "აჭარა ჯგუფმა" გაიმარჯვა, რომელმაც ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორია 23 მლნ ლარად შეიძინა. გამარჯვებულ კომპანიას კი დამატებით 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა შეესრულებინა. კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ინვესტორის საინვესტიციო ვალდებულებებში ცვლილებები შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები