"რადიო თავისუფლებამ" (RFE/RL) აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM), ასევე მის ხელმძღვანელებს კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა. მიზეზი "რადიო თავისუფლებისთვის" ფედერალური გრანტის შეწყვეტაა.
საჩივრის მიხედვით, "რადიო თავისუფლებისთვის" კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებაზე უარის თქმა არღვევს ფედერალურ კანონს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ფედერალური ხარჯების მიმართულებით ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ანიჭებს.
„ახლა იმის დრო არ არის, რომ დრო დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. ვფიქრობთ, კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია”, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მარტს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შემცირდება 7 ფედერალური სააგენტო. მათ შორის USAGM, რომლის შემადგენლობაშიცაა "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმაც".
აღმასრულებელი ბრძანების გამოცემიდან მალევე, დასავლურ მედიაში გავრცელდა USAGM-ის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ "რადიო თავისუფლებას" კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი შეუჩერდა. წერილი ხელმოწერილია კარი ლეიკის მიერ, რომელიც USAGM-ის ხელმძღვანელის უფროს მრჩევლად არის მითითებული. აღსანიშნავია, რომ ლეიკი ტრამპმა "ამერიკის ხმის" ხელმძღვანელად წარადგინა. თუმცა მისი კანდიდატურა ჯერ საერთაშორისო სამაუწყებლო მრჩეველთა საბჭოს არ დაუდასტურებია.




























