მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიო რაგბიმ ოფიციალური განმარტება გააკეთა 2027 წლის მსოფლიო თასის წილისყრის პროცედურის შესახებ, საიდანაც ვიგებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად პლეი-ოფში გასვლის ჩინებული შესაძლებლობა ექნებათ.

ვგულისხმობთ იმას, რომ მსოფლიო თასის წილისყრისთვის კალათები მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაფიქსირებული შედეგების შედეგებით დაკომპლექტდება, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა.

აქამდე წილისყრისთვის სამ მოწინავე კალათაში გასული მსოფლიოს თასის 12 საუკეთესო ნაკრები (ჯგუფების სამ-სამი მოწინავე) ავტომატურად ხვდებოდა და ამით, მსოფლიო რაგბი თავს იზღვევდა ყოველგვარი მოულოდნელობებისგან.

თუმცა, შეიცვალა მსოფლიო თასის სისტემა და იცვლება წილისყრის პროცედურაც. შეგახსენებთ, რომ 2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაშია დაგეგმილი და 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება, გამორჩეული კი იმითაა, რომ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას არა – 20, არამედ 24 ნაკრები მიიღებს.

ამჟამად 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მონაწილე 23 ნაკრების ვინაობაა ცნობილი. საბოლოო 24-ე მონაწილის ვინაობა ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა. საკვალიფიკაციოზე ბრაზილიასა და პარაგვაის შორის გამარჯვებული, ბელგია, ნამიბია და სამოა ითამაშებენ. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თასზე მონაწილე ყველა ნაკრების ვინაობა გახდება ცნობილი, წილისყრა ჩატარდება და ჯგუფები დაკომპლექტდება.

როგორც კი მსოფლიოს მონაწილე ყველა ქვეყნის ვინაობა გახდება ცნობილი, ნაკრებები 1-დან 24-ის ჩათვლით სხვადასხვა კალათებში განაწილდებიან. კალათებზე გავლენას მსოფლიო რაგბის მიმდინარე რეიტინგი მოახდენს და ნაკრებები 3 დეკემბერს დაკავებული პოზიციის მიხედვით განაწილდებიან.

ამ მოცემულობით სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ინგლისი და არგენტინა მსოფლიო რაგბის რეიტინგის ტოპ 6-ში არიან და წილისყრაზე პირველ კალათში მოხვდებიან. შემდეგი ექვსეული - ავსტრალია, შოტლანდია, ფიჯი, იტალია, საქართველო და უელსი მეორე კალათში მოხვდებიან.

თითოეულ ჯგუფში იქნება მხოლოდ 1-1 გუნდი პირველი და მეორე კალათიდან. სწორედ ამისთვის არის საჭირო, რომ ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტებზე თავი გამოიჩინონ და ადგილი საუკეთესო თორმეტეულში შეინარჩუნონ, რა შემთხვევაშიც მე-2 კალათაში ადგილი გარანტირებული ექნებათ, ეს კი, თავის მხრივ, პლეი-ოფში გასვლის დიდებულ შანსს იძლევა.
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 3 საშინაო თამაში ელის: 8 ნოემბერს – სამოასთან, 15 ნოემბერს – კანადასთან და 22 ნოემბერს – იაპონიასთან.

შეგახსენებთ, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა 3 დეკემბერს, სიდნეიში გაიმართება და ცნობილი გახდება, თუ რომელ ჯგუფში ითამაშებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები