მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაღაც მიზეზის გამო გაჩნდა ეს რგოლი"|ენერგეტიკოსის კითხვები და ანალიზი დენის იმპორტში შუამავლების ჩახსნაზე

არჩილ მამათელაშვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანიდან და ასევე, სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელდება, შენერგეტიკის სექტორში დისკუსიის საგანი გახდა.

ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილის განცხადებით, აკრძალვებსა და პირდაპირ სახელმწიფო შეთანხმებებზე გადასვლას, სჯობს ისეთი გამჭვირვალე, კონკურენტული საბაზრო მექანიზმების შექმნა, რომლებიც შუამავლების არსებობას ბუნებრივად გახდის არასაჭიროს.

“მაინტერესებს: თუ შუამავალს რეალური ფუნქცია არ ჰქონდა, მაშინ რატომ ვერ უკავშირდებოდა ქართველი მყიდველი აზერბაიჯანელ გამყიდველს ან პირიქით?! ანუ თუ მას აბსოლუტურად არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა ბიუროკრატიული ბარიერისა?.. რაღაც მიზეზის გამო გაჩნდა ეს რგოლი, რომელიც თითქოს კომერციულად მომგებიანი იყო, მაგრამ ჰქონდა გარკვეული სხვა დატვირთვაც”, - განაცხადა მან, მაგრამ ენერგეტიკოსისთვის დაზუსტებით არაა ცნობილი, რატომ გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები 2016 წელს.

როგორც არჩილ მამათელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილტან” ინტერვიუში აღნიშნა, საშუამავლო ხარჯების შემცირებამ შესაძლოა, ელექტროენერგიის თვითღირებულება შეამციროს, თუმცა სამომხმარებლო ტარიფის მნიშვნელოვან კლებას არ ელის, რადგან გამოთავისუფლებული სახსრები, პირველ რიგში, ენერგოსისტემის მედეგობისთვის საჭირო კაპიტალურ ინვესტიციებს უნდა მოხმარდეს.

- პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების რგოლის ჩახსნით, ქვეყანა დაახლოებით, 0.2 დოლარის ცენტს დაზოგავს. რას ნიშნავს ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესში ბაზრის მოთამაშეების ჩამოშორება და სახელმწიფოებს შორის პირდაპირ შეთანხმებებზე გადასვლა და ასევე, ხომ ამბობს უარს ქართული მხარე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე?

- ჩვენი ენერგეტიკული სისტემის ლიბერალიზაცია დასრულებული არ არის. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია მიმდინარეობს, გარკვეული ეტაპები გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოოდ მაინც ვერ შევქმენით. ანუ ისეთი საყოველთაო ლიბერალური ბაზარი, როგორზეც ზოგადად ვსაუბრობთ ხოლმე, ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ამისთვის ბევრი კომპონენტი გაგვაჩნია. რაც შეეხება შუამავალი კომპანიების საკითხს, შუამავალ კომპანიებთან ხელშეკრულებებს რომ დებდნენ და ამ თანხას უხდიდნენ, ეს ხომ თავიანთი [კომპანიების] სურვილით არ ხდებოდა ანუ ეს შუამავალი რაღაცაში სჭირდებოდათ. შესაბამისად, როდესაც მხარეები ამ შუამავალთან მიდიოდნენ, ის გარკვეულ პრობლემას წყვეტდა იმისთვის, რომ ელექტროენერგია გაეყიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყუილად ხომ არ გადაუხდიდნენ?! ორი ვარიანტია: ან ეს შუამავლები ბლოკავდნენ მყიდველისა და გამყიდველის პირდაპირ დაკავშირებას ან რაიმე სხვა მიზეზით მათ გარეშე გარიგება შეუძლებელი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდა გარკვეული ბარიერი - შეიძლება ბიუროკრატიული, შეიძლება ნეპოტისტური, როდესაც მხარეებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას არ ეძლეოდა… ამის გამო, უბრალოდ შუამავლების აკრძალვა რამდენად სწორია, არ ვიცი, რადგან შუამავალი შეიძლება, რაღაცაში სჭირდებოდეს კიდეც სუბიექტს.

- შუამავალი კომპანიების არსებობა, შეიძლება, კონკურენციაც შეექმნა თავისუფალ ბაზარზე...

- შეიძლება, მაგრამ თუ ეს შუამავალი საჭირო არ არის ამ ფუნქციებისთვის, მაშინ შეიძლებოდა გამოცხადებულიყო გარკვეული ტიპის მექანიზმი - მეტი გამჭვირვალობა, ტენდერი, ან სხვა ფორმით გამარტივებულიყო წვდომა მყიდველსა და გამყიდველს შორის. შეიძლება შექმნილიყო რაღაც საბაზრო პლატფორმის მსგავსი, ბევრი მექანიზმი არსებობს, რომლითაც პირდაპირ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. თუ შეიქმნება ასეთი უფრო ლიბერალური და გამჭვირვალე მექანიზმი, რა თქმა უნდა, საშუამავლო ხარჯები შემცირდება. ეს ზოგადად შეამცირებს ელექტროენერგიის თვითღირებულებას და საბოლოოდ ტარიფებზეც იმოქმედებს დადებითად ანუ აღარ გაძვირდება, ან, თუ არ შემცირდება, სტაბილური მაინც დარჩება. ამდენად, უშუალოდ აკრძალვას სჯობს ისეთი მექანიზმი შექმნა, რომ შუამავლის არსებობა საერთოდ არასაჭირო და ზედმეტი გახდეს, რათა ადამიანს აღარ დასჭირდეს შუამავალი, თუ მას ბიუროკრატიული ბარიერების, კონტაქტების ან ხელის შეშლის თავიდან აცილების ფუნქცია არ ექნება.

- საბოლოოდ, პრემიერის განცხადებით ისე გამოვიდა, რომ შუამავალი კომპანიების ჩართულობის გამო სახელმწიფოს უფრო ძვირად უწევდა აზერბაიჯანიდან იმპორტის ყიდვა, ამიტომ მათი ჩახსნით დენი გაიაფდება… ეს არ არის თქვენთვის დამაჯერებელი?

- ალბათ, კი; ჩემთვის მისაღებია ის მოცემულობა, რომ შუამავალი იყო და გარკვეულ თანხას იღებდა, მაგრამ მეორე მხარე მაინტერესებს: თუ შუამავალს რეალური ფუნქცია არ ჰქონდა, მაშინ რატომ ვერ უკავშირდებოდა ქართველი მყიდველი აზერბაიჯანელ გამყიდველს ან პირიქით?! ანუ თუ მას აბსოლუტურად არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა ბიუროკრატიული ბარიერისა?

- ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვერ უკავშირდებოდნენ და ამიტომ გაჩნდნენ თუ არა შუამავალი კომპანიები…

- გასაგებია. შესაბამისად, რაღაც მიზეზის გამო გაჩნდა ეს რგოლი, რომელიც თითქოს კომერციულად მომგებიანი იყო, მაგრამ ჰქონდა გარკვეული სხვა დატვირთვაც. შეიძლება, ეს რგოლი აგვარებდა ისეთ პრობლემას, რომელიც კომერციული ნაწილი არ იყო და სხვა სფეროს განეკუთვნებოდა.

- რა რისკებს ხედავთ შუამავალი რგოლის ამოგდებით?

- გულახდილად რომ გითხრათ, მაინც მგონია, რომ ამ რგოლის მუშაობას სახელმწიფო ასე თუ ისე მაინც არეგულირებდა. იმის არ მჯერა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობიდან სახელმწიფო საერთოდ გასულია, ყურადღებას არ აქცევს და პროცესი კონტროლიდანაა გასული. უბრალოდ, ეს რგოლი არსებობდა; ალბათ თავისი ფუნქცია ამოწურა, ან აღარ ასრულებს იმ ამოცანას, რასაც ასრულებდა, შესაბამისად, გახდა ზედმეტი. მისი ჩახსნა კი ელექტროენერგიის ფასზე, ალბათ, დადებითად იმოქმედებს და შეამცირებს ეგრეთ წოდებულ მარჟას.

- შეიძლება ეს სამომხმარებლო ტარიფზეც აისახოს, ვიცით რა, რომ ტარიფები რეგულირებულია და 5 წელიწადში ერთხელ სემეკი ადგენს…

- დენის ტარიფზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს. თუ სხვა ფაქტორები არ შეიცვალა და მხოლოდ ეს ერთი ფაქტორი შეიცვალა შემცირებისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება აისახოს. თუმცა ჯერჯერობით არ მგონია, რომ ტარიფი მნიშვნელოვნად შეამციროს. მით უმეტეს, ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემაში შეიძლება საჭირო იყოს სერიოზული კაპიტალური ინვესტიციები, თუნდაც - ენგურჰესში. ამიტომ შეიძლება, ეს გამოთავისუფლებული თანხები სწორედ ამას მოხმარდეს. ელექტროენერგეტიკაში მუდმივად სჭირდება კაპიტალური ინვესტიციები სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად - დანადგარები, ტურბინები, გენერატორები და ელექტროსადგურები განიცდიან ცვეთას, ამ ცვეთას კი რეგულარული აღდგენა სჭირდება, რათა შენარჩუნდეს მათი წარმადობა და მთლიანი სისტემის გამართულობა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები