საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბანკების მხრიდან რაიმე რისკი იდენტიფიცირებული არაა.
ოფშორებთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მიღებულ საგადასახადო ცვლილებებზე გამოითქვა შეფასებები, რომ არსებობს საკორესპონდენტო ბანკებთან ურთიერთობების და შესაბამისად, საერთაშორისო გადარიცხვების გართულების რისკები.
BMG დაინტერესდა, ხედავენ თუ არა რისკებს თავად ბანკები. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, ისევე როგორც ყველა სხვა კანონზე, ამ შემთხვევაშიც ხდება შეფასება, თუმცა რისკები იდენტიფიცირებული არაა და ბანკები კვლავინდებურად ასრულებენ ყველა საერთაშორისო მოთხოვნას.
„ზოგადად, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, განსაკუთრებით საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ხდება შესწავლა, როგორ, რა ფორმით აისახება საბანკო სისტემაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეც ვერ იქნებოდა გამონაკლისი და ბანკების მხრიდან ამის შესწავლაც მიმდინარეობს. დღეს, რაიმე კონკრეტული რისკი იდენტიფიცირებული არაა. საბანკო სისტემას რაიმე ვალდებულება ამ კანონთან მიმართებით არ უჩნდება. საბანკო სისტემა კვლავინდებურად ასრულებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და გააგრძელებს ამ მოთხოვნების შესრულებას“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე BMG-სთან.
ამასთან, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა სანქცია სრულდება.
„ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, მიდგომა იდენტური რჩება, საქართველოს საბანკო სისტემა არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყველა სანქცია სრულდება. სანქციის ნაწილში საქართველოს საბანკო სისტემაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა არანაირი პრობლემა ან დარღვევა. ყველა საერთაშორისო მოთხოვნა სრულდება და მომავალშიც შესრულდება. სხვა ვერსია არც განიხილება“, - აცხადებს ასოციაციის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი, საფინანსო სისტემაში პროცესების ცვლილებას არ გამოიწვევს. სებ-ში განმარტავენ, რომ "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება. ამას გარდა, სანქციებთან დაკავშირებით სებ-ში აღნიშნავენ, რომ კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება.