ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფარცხალაძის ანგარიშების აღდგენაზე სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მოუწოდებს, რომ აღნიშნული ბრძანება გააუქმოს.
"ნათია თურნავა ხარ თუ ვინც ხართ მანდ - საქართველოს ეროვნული ბანკი, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება, სანამ მოთმინება გვყოფნის, რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ", - წერს იგი.
ნინო ლომჯარია ასევე განმარტავს, რა მოჰყვება იმას, თუ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
"ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.
ის რომ ევროკავშირის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!", - წერს იგი.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
დღეს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.