„ჩემმა მეუღლემ გაიფიქრა, რომ გადარჩენილი ვარ“ – ამის შესახებ გიორგი ხიშტოვანმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა. კითხვა სებ–ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში დაისვა – ახალი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება ნათია თურნავამ ერთპიროვნულად, მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო, რის უფლებაც მას კანონით ჰქონდა. ამის მიუხედავად, სამივე ვიცე–პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ; ასევე, სებ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობები დატოვეს. ამ ეტაპზე საბჭოში რჩებიან ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტერი.
რაც შეეხება, „ანალიტიკა“–ს რესპოდენტს გიორგი ხიშტოვანს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მისი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა, 2019 წელს, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა, თუმცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა მაშინ ხიშტოვანმა ვერ მიიღო.
-თქვენ შეიძლება ყოფილიყავით ეროვნული ბანკის საბჭოში.. რა გაიფიქრეთ, როცა დღეს ასე ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები და სულ მცირე ვიცე–პრეზიდენტების გარეშე დარჩა ქვეყნის ცენტრალური ბანკი?
-გეტყვით, ჩემმა მეუღლემ რა გაიფიქრა. მან გაიფიქრა, რომ გადარჩენილი ვარ. მართალი გითხრათ, არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია .. ძალიან ვწუხვარ პირადად რა პროცესებიც მიდის. მე რომ ვყოფილიყავი ამის მონაწილე, ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს შევცვლიდი, მაგრამ შანსი მაინც მექნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო – გული დამწყდა, რადგან შეიძლება აქამდე არ მისულიყო საქმე.
-იდგებოდით პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის და გიორგი ბაქრაძის გვერდით?
-იცით რა, ეს ძალიან რთული კითხვაა. ჩვენ ისეთი მმართველობითი სისტემა გვაქვს, მე მესმის პაპუნას პროტესტი, ბატონი არჩილის პროტესტიც, გიორგიც პროტესტიც, მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ, მათ ამ გადაწყვეტილებით დაკარგეს პროცესების მართვაში მონაწილეობის უფლება, რადგანაც გაემიჯნენ ამ პროცესს და დატოვეს, ჩემი აზრით, ბანკი უფრო სუსტი, ვიდრე იყო მანამდე. ამდენად, ძალიან რთულია ამ კითხვაზე გადაჭრით გაგცეთ პასუხი.