აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სებ-ის წასული ვიცე-პრეზიდენტები შეაფასა.
მისი მოსაზრებით, სამივე ვიცე-პრეზიდენტის: პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის და ნიკოლოზ გაგუას მიერ თანამდებობის დატოვება იმას ნიშნავს, რომ ნათია თურნავას ბრძანება არასწორია.
„სამივე მათგანს ვიცნობ, მქონია შეხება. ეს ხალხი თავისი საქმის პროფესიონალია და შესაბამისად მათ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ თურნავას ბრძანება არ იყო სწორი და გამართული“, - განაცხადა მან.
ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საბჭო ისეთი კადრებით დაკომპლექტდეს, როლებსაც საბანკო სფეროში გამოცდილება აქვთ.
საქმე ის არის, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი უკვე დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. რის შემდეგაც კომიტეტებმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა სესიაზე მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და წარდგენილი კანდიდატები 84 ხმით ეროვნულ ბანკში აირჩიეს.
ამ ფაქტს, ზურაბ ლალაზაშვილი დიდ უპასუხისმგებლობას უწოდებს: „თუ პირები არ არის ისეთები, რომლებიც ექვემდებარებიან საბჭოს წევრად არჩევას და ეს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით კეთება, ეს ნიშნავს რომ პარლამენტი ეროვნულ ბანკში თავის უფლებამოსილებას ნორმალურად ვერ ახორციელებს, რადგან მისთვის სულ ერთია ვინ დაინიშნება“, - ამბობს იგი.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობა დატოვეს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.