აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სებ-ში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ეროვნულ ბანკში კრიზისის გახანგრძლივებამ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე? მან უპასუხა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამის შეფასება რთულია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში იგი ლარის რყევაში უკვე გამოიხატა.
„ძნელი შესაფასებელია გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას მოახდენს. ეს დამოკიდებულია IMF -ის პოზიციაზე - პროგრამას შეაჩერებს თუ არა. საქართველოს იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში, როგორ პოზიციონირება, რადგან ახლა ჩვენ ევროკავშირის წევრობის სტატუსს ველოდებით.
ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების დრო და ვართ პოზიციაში თითქოს ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, მეორე მხარე ვინც უნდა დაადასტუროს ის გვეუბნება, რომ არ გვაქვს გაკეთებული.
იმედი მაქვს ევროკავშირი იმაზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენ გავაკეთეთ თუ არა რაღაცა არამედ ეს საქართველომ დაიმსახურა და აუცილებელია აქ მოხვედრა.
მოკლევადიანი ეფექტები შეიძლება იყოს კურსის რყევა იმიტომ რომ ეს ბაზრის სპონტანური მოქმედებაა. ბაზრის ეს სწორი რეაქცია იყო და ბუნებრივად მოიქცა ბაზარი", - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
შეგახსენებთ: სებ–ში განვითარებულ მოვლენებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი გამოეხმაურა. IMF–ი შეშფოთებულია საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის მიდგომას აწესებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს, რომ ამ საკითხს ფონდი აუცილებლად განიხილავს როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე კომერციულ ბანკებთან.