საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი II კვარტალში ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირებულ კლებას შედარებით ცუდი ჰიდროლოგიით და გამომუშავების კლებით ხსნის.
საქმე ისაა, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში ენერგეტიკაში 7%-იანი კლება დაფიქსირდა და ჯამში სექტორის გამოშვება 494 მლნ ლარი იყო.
როგორც მაია მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, დარგში კლების ტენდენცია გენერაციის მიმართულებით შედარებით ნაკლებ ინვესტიციებსაც უკავშირდება.
“წინა წლებთან შედარებით ჰიდროლოგია შემცირებულია, ეს კლიმატური ცვლილებიდან გამომდინარეა. შესაბამისად, [დარგში] კლება ბუნებრივი მოვლენაა. ამასთან, ენერგეტიკაში ინვესტიციები ძირითადად არა გენერაციის მიმართულებით ხორციელდება, არამედ გადამცემ ქსელებში. დროთა განმავლობაში გადამცემი ქსელების რეაბილიტაცია ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ინვესტიციები მცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გენერაციის მხარეს მაქსიმალურად დიდი ინვესტიციები იყოს განხორციელებული“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 7 თვის მაჩვენებლებით საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.6%-ით შემცირდა და 8.008 გვტ.სთ შეადგინა.




























