ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – დღეს უნცია ოქროს ფასი 4,130 დოლარამდე დაეცა, რაც იანვარში დაფიქსირებულ რეკორდულ 5,600 დოლართან შედარებით 26%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ტექნიკური თვალსაზრისით, ოქრო ოფიციალურად გადავიდა ე.წ. დათვის ბაზარში და ის წლევანდელ მინიმუმზე იმყოფება.
მიუხედავად ირანთან მიმდინარე აქტიური კონფლიქტისა, რომელიც წესით ოქროზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე, მოთხოვნას უნდა ზრდიდეს, ბაზარზე აბსოლუტურად საპირისპირო დინამიკას ვხედავთ, რომელსაც რამდენიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს.
პირველ რიგში, ომის დროს ინვესტორები ხშირად არა ოქროს, არამედ ამერიკულ დოლარს ირჩევენ. ამჟამად დოლარის ინდექსი (DXY) მკვეთრად იზრდება, რაც ოქროს სხვა ვალუტების მფლობელებისთვის აძვირებს და მასზე მოთხოვნას ამცირებს. გარდა ამისა, ბირჟებზე არსებული მაღალი ვოლატილობის გამო, ტრეიდერები ხშირად ოქროს თავიდან იშორებენ, რადგან ასეთ ვითარებაში ის არა უსაფრთხო, არამედ სპეკულაციურ აქტივად აღიქმება.
გარდა ამისა, ირანის კონფლიქტის გამო, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს გასცდა, რაც გლობალურ ინფლაციას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ამის საპასუხოდ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა ცენტრალური ბანკები განაკვეთების შემცირებას აღარ ჩქარობენ და პოტენციურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე მიანიშნებენ. მაღალი საპროცენტო განაკვეთები კი ზრდის ალტერნატიულ დანახარჯს ოქროს ფლობისთვის, რადგან ოქროსგან განსხვავებით, სახელმწიფო ობლიგაციებს მაღალი სარგებელი მოაქვთ. თავად ოქრო კი სრულად პასიური აქტივია, რომელიც პერიოდულ სარგებელს არ აგენერირებს.
ასევე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ომის რისკების დიდი ნაწილი ოქროს ფასში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აისახა, როდესაც ის რეკორდულად გაძვირდა, ამიტომ ომის ამჟამინდელ ესკალაციასთან დაკავშირებით ახალ ამბებს ფასის შემდგომი ზრდა ვეღარ მოჰყვება, რადგან ტრეიდერები სამომავლო პროგნოზებით ვაჭრობენ და არც აწმყოთი და წარსულით. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, იმ ტრეიდერებმა, რომლებმაც ომის დაწყება სწორად იწინასწარმეტყველეს, თავიანთი ფსონები სწორედ 5,600 დოლარად გაანაღდეს და ახლა უკვე მათთვის ოქრო საინტერესო აღარ არის.



























