კომპანია WeWork-ი 2010 წელს ამერიკელმა ენტერპრენერმა ადამ ნიუმანმა დააფუძნა. კომპანიის ამოცანა იყო რევოლუცია მოეხდინა კომერციული უძრავი ბაზრის სექტორში. მას შემდეგ 13 წელი გავიდა, თუმცა 2023 წლის 6 ნოემბერს კომპანია ოფიციალურად გაკოტრებულად გამოცხადდა.
დამფუძნებლების იდეა, შეექმნათ სამუშაო სივრცე, რომლის დაქირავებაც ნებისმიერ კომპანიას სასურველი დროის ვადით შეეძლო, დამაიმედებლად და მომგებიანად ჟღერდა. მართლაც, რამდენიმე წელიწადში WeWork-მა შეძლო 47 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციის მოპოვება.
მისი გასაქირავებელი ოფისების ფართი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ცხადი იყო ამგვარი ინოვატორი კომპანიის გავლენა ინდუსტრიაზე და საინტერესოა მიზეზები, რომელთა ერთობლიობამაც ის დღევანდელ შედეგამდე მიიყვანა.
WeWork-ის წარუმატებლობის მიზეზები ჯერ კიდევ მის ბიზნეს-მოდელში შეიძლებოდა ამოგვეცნო. მართალია, მის მომხმარებლებს ოფისის ქირაობა სასურველი, თუნდაც ძალიან მცირე დროით შეეძლოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა თავად კომპანია იმ უძრავ ქონებას, რომელსაც აქირავებდა, გრძელვადიანი საიჯარო კონტრაქტებით ჰქონდა აღებული.
მნიშვნელოვანი პრობლემები 2019 წელს გამოიკვეთა, როცა WeWork-მა საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება (IPO) დაგეგმა. ამ დრომდე ის 47 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, მაგრამ საკმარისი ყურადღების მიპყრობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ღირებულება მხოლოდ 10 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო მხოლოდ 2018 წელს WeWork-ს 2 მილიარდი დოლარის ზარალი განეცადა. კომპანიის CEO-ს მიერ საეჭვოდ დახარჯულმა თანხებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ინვესტორებში და SoftBank-მა ნიუმანის პოზიციიდან გადადგომა მოითხოვა. ამავე წელს შემოსავლის კლებასთან ერთად WeWork-ის თანამშრომლების რაოდენობა 2400-ით, თითქმის მთელი 20%-ით შემცირდა. ხოლო პანდემიის დაწყებამ საბოლოო დარტყმა მიაყენა ბიზნესს. ონლაინ რეჟიმზე გადასვლამ კიდევ უფრო შეამცირა გასაქირავებელ ოფისებზე მოთხოვნა და კომპანიის ვალის ზრდა გამოიწვია.
მოთხოვნის კლებამ, რამდენიმე საჩივარმა სასამართლოში და ხარჯების ზრდამ WeWork-ი გადახდისუუნარობამდე მიიყვანა, რომელიც თავიდან მოულოდნელი, თუმცა ამავდროულად გარდაუვალი იყო.