ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ იანვარში წლიურ ჭრილში ექსპორტის ზრდა ძირითადად “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას უკავშირდება.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 16.9 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, რაც წლიურად 86.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც BMG-ის ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმო გაჩერებული იყო, მისი ამუშავების შედეგად კი გასულ თვეს პროდუქციის საექსპორტო მოცულობები გაიზარდა.
ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როდესაც ბაზარზე შედარებით იაფი ელექტროენერგია იქნება, საქმიანობის განახლებას რამდენიმე მცირე საწარმოც შეძლებს.
„პირველ რიგში, სტატისტიკა გამოსწორდა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხარჯზე. ის ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელია და შესაბამისად, საქართველოში ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია. პროდუქციის დაახლოებით 80%-ს „ჯორჯიან მანგანეზი“ აწარმოებს.
საქმე იმაშია, რომ შარშან რაღაც პერიოდი საწარმო გაჩერებული იყო, შემცირებული ჰქონდათ წარმოება. წელს იანვარში წარმოება განახლებული აქვთ და, შესაბამისად, ამან იმოქმედა სტატისტიკაზე. თორემ ბაზარზე სიტუაცია არ გამოსწორებულა, მწარმოებლები არ დამატებულან, სამწუხაროდ, ჩვენს დარგში მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მინდა ხაზი გავუსვა – ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიწყო ჩვენს დარგში და ამის ყველაზე დიდი მიზეზი არის უკრაინაში განვითარებული მოვლენები ზუსტად ოთხი წლის წინ.
რასაკვირველია, შარშანდელთან შედარებით წელს [ელექტროენერგიის] მეტი მოხმარება იქნება. სტატისტიკას მთელი წლის ჭრილშიც რომ მივადევნოთ თვალი, იმედი მაქვს, რომ არ გაუარესდება. მით უმეტეს, გაზაფხული მოდის და გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში წარმოება თუ მოიმატებს, თორემ ნამდვილად არ დააკლდება. სწორედ იმის გამო, რომ შარშან იანვრის პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზი“ გაჩერებული იყო და ახლა განაახლა მუშაობა, ეს გახდა ელექტროენერგიის მოხმარების და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მიზეზიც.
კარგი დრო ნამდვილად არავისთვისაა ამ დარგში – არც ჩვენთვის და არც ჩვენი კოლეგებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში. გარკვეული საწარმოები ევროპაშიც და აზიაშიც კი დაიხურა. იმედი მაქვს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდება. ფასების ზრდა რომც არ მოხდეს, მაინც იმის ხარჯზე, რომ საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი დაბალი იქნება, რამდენიმე მცირე საწარმომ შეიძლება განაახლოს ოპერირება”, - განაცხადა ზურაბ კევლიშვილმა.




























