2025 წლის II კვარტალში განათლების სექტორში რეკორდულად მაღალი 28.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა.
ასევე მაღალი იყო განათლების სექტორის ზრდა I კვარტალშიც და ის 27.7%-ს შეადგენდა, სექტორის ზომა კი 1.4 მილიარდი ლარი იყო.
BMG-იმ საქსტატს მიმართა კითხვით თუ რამ განაპირობა განათლების სექტორში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მატება განპირობებულია განათლებაზე დანახარჯების ზრდით, განსაკუთრებით საჯარო სექტორის მხრიდან, ასევე განათლების სფეროში (ძირითადად საჯარო სკოლებში) ხელფასების მატებასთან.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში განათლებაზე გაწეულმა სახელმწიფო ხარჯებმა 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის ზოგადი განათლების მიმართულებით 949 მილიონი ლარი; უმაღლესმა განათლებამ 105 მილიონი ლარი; პროფესიულმა განათლებამ 83 მილიონი ლარი; განათლების სექტორის დამხმარე მომსახურებებმა 155 მილიონი ლარი, სკოლამდელმა განათლებამ 61 მილიონი ლარი; კვლევებმა 45 მილიონი ლარი, ხოლო სხვა დანარჩენმა მომსახურებებმა 81 მილიონი ლარი.




























