2026 წლის ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად გაიზარდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის ივლისის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, რაოდენობრივად ელექტროენერგიის ექსპორტი 2.8-ჯერ 109 გვტ.სთ-მდე გაიზარდა, ღირებულებით კი გაორმაგდა 5 მლნ დოლარამდე.
ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად 27.4%-ით შემცირდა და 4.6 აშშ ცენტი/კვტ.სთ შეადგინა.
„მაისსა და ივნისთან შედარებით, თურქეთში ექსპორტის მოცულობა გაიზარდა თურქეთში გაზრდილი ფასების ( $c 5.9 ივლ-26 vs $c 2.9 ივნ-26) და ესკოს ბარტერის გამო. ივლისში თურქეთში ექსპორტის 76.8% ესკომ თურქეთთან ბარტერის შეთანხმების ფარგლებში განახორციელა. ბარტერის შეთანხმებას ხელი მაისში მოეწერა, თუმცა რეალური ბარტერი პირველად ივლისის თვეში განხორციელდა“, - აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში.
მათი ცნობით, თურქეთში კომერციული ექსპორტი ასევე განახორციელა TDA ხელშეკრულებების მქონე ექვსმა კომპანიამ: შპს აჭარ-ენერჯი 2007, შპს ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია, შპს სვანეთი ჰიდრო, შპს კასლეთი-2, შპს აისი, შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ივლისის ენერგობალანსში ასევე ფიქსირდება ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანთან, თუმცა იგივე მოცულობით განხორციელდა იმპორტიც. აღნიშნული იმპორტი და ექსპორტი სისტემის სინქრონული პარალელური მუშაობისთვის არის საჭირო. 2026 წლის აპრილიდან ისინი იმპორტსა და ექსპორტში ცალ-ცალკე აისახება, მაშინ როცა მანამდე მხოლოდ ნეტო მოცულობა აღირიცხებოდა.
2026 წლის 7 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტმა 236 გვტ.სთ (-52.4% წ/წ) და 11 მლნ აშშ დოლარი (-51.1% წ/წ) შეადგინა. საექსპორტო სეზონი დასრულდა და ექსპორტი აგვისტოში აღარ გაგრძელებულა.




























