მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა მარტში 8.2%-იანი ეკონომიკური ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, კერძო სექტორის ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია. ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგი გამართა, მისი განმარტებით, სექტორების უმეტესობაში წინა წელთან შედარებით ზრდა ფიქსირდება.

"დამმუშავებელ მრეწველობაში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ წარმოებასთან, გაიზარდა მანგანუმის ექსპორტი. ასევე გაზრდილია სასმელების და ღვინის ექსპორტი.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული პროგრამირების მომსახურების საქმიანობების ზრდა.

უძრავი ქონების სექტორში ზრდა დაკავშირებულია არასაცხოვრებელი შენობების გაქირავებასა და მართვასთან.

გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლებიც, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა და 1.16 მილიონი შეადგინა.

რამდენიმე სექტორში შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, უპირველეს ყოვლისა ესაა მშენებლობის სექტორი ეს დაკავშირებული იყო ნაკლები მოცულობის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით.

ელექტროენერგიის სფეროში კლება დაკავშირებული იყო ელექტროენერგიის განაწილების შემცირებასთან. რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, კლება დაკავშირებული იყო ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან რაც გარკვეულწილად კავშირშია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

თვეების მიხედვით ზრდა ასე ნაწილდება, იანვარი - 5.8%; თებერვალი 9.5%; მარტი 8.2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები