მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ განაპირობა სადაზღვევო სექტორის მოგების შემცირება - შეფასება

დაზღვევა

სადაზღვევო კომპანია “არდიში” აცხადებენ, რომ 9 თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებლის შემცირების მიზეზი კომპანიების გაზრდილი საოპერაციო ხარჯებია.

საქმე ისაა, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა გაზრდილი შემოსავლების მიუხედავად, კომპანიების წმინდა მოგება 2 მილიონი ლარით, 113 მლნ-მდე იყო შემცირებული.

როგორც კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ BMG-ის განუცხადა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს სადაზღვევო ბაზარი შემცირებული წმინდა მოგებით ან გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლით დახურავს.

“იმისდა მიუხედავად, რომ ბაზარი 11%-ით გაიზარდა, მოგება პირიქით შემცირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს საოპერაციო დანახარჯები ეზრდებათ, ანუ ეზრდებათ ხარჯები უშუალოდ ოპერირებაზე, ეს იქნება ხელფასები თუ სხვა ტიპის ხარჯები, რომელიც კომპანიისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ ოფიციალური მონაცემებით დანახარჯები გაიზარდა ქვეყანაში, ანუ საშუალო ხელფასი გაიზარდა, ცხადია, [ხელფასები] სადაზღვევო კომპანიებშიც გაიზარდა და ეს ჩვენთანაც ავტომატურად აისახა მოგების ამ მცირე შემცირებაში.

წლის ბოლომდეც ვფიქრობ, რომ მოგება ან შემცირებული იქნება, ან შეიძლება იგივე იყოს, რაც შარშან გვქონდა აბსოლუტურ ციფრებში. თუნდაც იგივე დონეზე დარჩეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მარჟა შემცირდა. თუ ბაზარი, მოზიდული პრემია იზრდება და მოგება აბსოლუტურ ციფრებში იგივეა, ესე იგი მარჟა შემცირდა. ალბათ სადაზღვევო კომპანიები ისევ დავაკვირდებით, როგორ შეიძლება უფრო მეტად ოპტიმალურები, ეფექტურები გავხდეთ და რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით”, - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები