“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე”, რომელსაც 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი ესწრება, პანელური დისკუსიის ფორმატში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც განიხილეს, საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაა, რომელსაც მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ.
“საქართველოს ბანკის” CEO-მ, არჩილ გაჩეჩილაძემ, პანელური შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მსხვილ ინვესტორებს საქართველოში ინფრასტრუქტურული განვითარება აინტერესებთ, “განსაკუთრებით შუა დერეფნის მიმართულებით, რაც მოიცავს არა მხოლოდ საგზაო, სარკინიგზო თუ საპორტო მიმართულებებს, არამედ ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობასაც”.
რაც შეეხება საკითხს, თუ რამ შეიძლება დააბრკოლოს მსხვილი ორგანიზაციები საქართველოში ინვესტიციის ჩადებაზე, არჩილ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ინვესტორებისგან ორი მთავარი აქცენტი იკვეთება.
“ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანესია ესმოდეთ, როგორ ხდება ლარის კურსის მართვა და რას უნდა ელოდნენ ამ მიმართულებით. ბოლო წლებია, ამ კუთხით ძალიან კარგი სტაბილურობა და ტენდენციები გვაქვს.
რაც შეეხება სხვა აქცენტებს, პანელზე ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორისგან ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოს სტაბილურობა, იგულისხმება რეგულატორული სტაბილურობა. ხშირ-ხშირი ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ბიზნესს. მას შეუძლია ნებისმიერ გარემოს აუწყოს ფეხი, თუმცა ზუსტად უნდა ესმოდეს, სად რა თამაშის წესებია”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
“საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენი რეგიონი უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომელთა შორისაცაა შუა დერეფნის პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ავითვისოთ.