მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამაზ სვანაძემ 21 წლამდე ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა

რამაზ სვანაძე 2028

21 წლამდე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც სვანაძე დაკავებულ თანამდებობას 2028 წლამდე გაუძღვება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.

“პირველ რიგში, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდების სტრუქტურაში მუშაობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდეს სიამაყის განცდასთან ასოცირდება, ამიტომ აქ ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა. განვლილ წლებში ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ქვეყნის მეორე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაკრებთან ერთად წინ ბევრი გამოწვევა და ახალი მიზანი გველის” - განაცხადა 21 წლამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სვანაძე ნაკრების სტრუქტურაში უკვე 5 წელია, რაც მუშაობს. 2019-21 წლებში, ქართველი სპეციალისტი 19 წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან ახალგაზრდული ნაკრების სათავეშია. მისი თაოსნობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრაელთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილ შესარჩევ ციკლში, 21 წლამდე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი 21 წლამდე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი თამაში 15 ნოემბერს “მიხეილ მესხის” სტადიონზეა ჩანიშნული, ხოლო განმეორებით მატჩს “ჯვაროსნები” 19 ნოემბერს ხორვატიაში გასვლაზე ჩაატარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები