მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ramboll-ი მერიას მცხეთის, რუსთავის და აეროპორტის მიმართულებით საქალაქო მატარებლის დანიშვნის რეკომენდაციას აძლევს

მატარებელი

თბილისი რუსთავს, მცხეთას და საერთაშორისო აეროპორტს მაღალი სიხშირის საქალაქო მატარებლით უნდა დაუკავშირდეს - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი. 80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

დოკუმენტის თანახმად, სარკინიგზო მაგისტრალის განვითარება მომდევნო 10-წლიან პერიოდში განიხილება და მისი ბიუჯეტი 288 მილიონ დოლარამდე იქნება. Ramboll-ის ექსპერტთა შეფასებით, თბილისზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზი, რომელიც ამჟამად ძირითადად სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება, შესაძლებელია გარდაიქმნას ახალ სატრანსპორტო არტერიად, რომელიც ახლოს მდებარე ქალაქებს, ასევე აეროპორტს თბილისთან დააკავშირებს. პროექტის თანახმად, უნდა განვითარდეს სადგურის მოედანი, ასევე მოეწყოს სხვა სადგურებიც და დაფინანსდეს საგარეუბნო მატარებლების შესყიდვა, რათა აღნიშნული ქალაქები თბილისს რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ.

“თბილისს ერთი მთავარი საქალაქთაშორისო სარკინიგზო ხაზი აქვს, რომელიც ქალაქის ცენტრში გადის, და რომელიც გარდა იმისა, რომ შორეულ ქალაქებს ემსახურება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე გადის სამხრეთით რუსთავისა და გარდაბნის გარეუბნებზე, ხოლო ჩრდილოეთით მცხეთასა და გორზე. ასევე არის მარნეულის, საგარეჯოსა და თბილისის აეროპორტის დამაკავშირებელი განშტოებები. სარკინიგზო ქსელი მთლიანად ეკუთვნის „საქართველოს რკინიგზას“. ამ ხაზებზე უმეტესად სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება, მხოლოდ შეზღუდული სამგზავრო სერვისით.

ის, რომ არსებული სარკინიგზო ხაზი უკვე აკავშირებს თბილისს ახლომდებარე ქალაქებთან, როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით და აქვს სადგურების პლატფორმები თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძებზე (სადგურის მოედანი, ისანი და დიდუბე) იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე მოწყობილია მაღალი სიხშირის სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებისთვის. ასეთი მომსახურებით შესაძლოა მიმდებარე ქალაქების და თუნდაც საერთაშორისო აეროპორტის თბილისის ცენტრთან დაკავშირება. გრძელვადიან პერსპექტივაში, სარკინიგზო კავშირები შეიძლება აშენდეს მთავარი სარკინიგზო ხაზიდან თბილისის სხვა სწრაფად განვითარებად უბნებამდე, მათ შორის დიდ დიღომში.

შემოთავაზებული სამგზავრო სარკინიგზო სისტემა მომსახურებას განახორციელებს თბილისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, თბილისსა და რუსთავსა და თბილისსა და მცხეთას შორის. რკინიგზის სადგური სადგურის მოედანზე მთავარი გადასაჯდომი კვანძი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მცხეთასა და რუსთავს შორის პირდაპირ გადაადგილება და მომსახურების მცხეთის დასავლეთით მდებარე ისეთ ქალაქებში გავრცელება, როგორიცაა კასპი და გორი.

შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელის ძირითადი ელემენტებია:

  • არსებული ინფრასტრუქტურის განახლება: არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლება, ლიანდაგის, სიგნალიზაციის, წევის სიმძლავრისა და სხვა სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით;
  • სადგურები: ახალი და/ან გარემონტებული სადგურები ბევრ ახალ გარეუბანში;
  • ახალი მატარებლები: ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა, რომელიც შეეფერება სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებას - სასურველია ელექტრომატარებელები (EMUs);
  • დეპო: ახალი დეპო და ტექნიკური საშუალებები;
  • თბილისის აეროპორტიდან რუსთავამდე: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი თბილისის აეროპორტსა და რუსთავს შორის;
  • დიდი დიღომი: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი დიდ დიღომთან.

მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო სარკინიგზო სისტემის მშენებლობა და ექსპლუატაცია საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის ქმედებაა, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო ადრე უნდა დაიწყოს. საჭიროა წინასწარი განხილვები TUDA-სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ასეთი სერვისის დანერგვის ყველა პრაქტიკული, ოპერაციული და ფინანსური შედეგების თაობაზე. შესამუშავებელია ინსტიტუციური და კომერციული მოწყობა, იურიდიული და მარეგულირებელი მოდელის ჩათვლით, სადაც დადგინდება თუ ვინ აფინანსებს და მართავს სისტემას, როგორ განისაზღვრება ლიანდაგზე წვდომის საფასური და მიღებული შემოსავალი ნაწილდება ყველა მხარეს შორის. ამას შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდეს.

პასუხისმგებლობა:

ეს რთული პროექტი იქნება, სადაც შვიდი ძირითადი დაინტერესებული მხარეა:

• „საქართველოს რკინიგზა“;
• TUDA;
• რუსთავის მუნიციპალიტეტი;
• მცხეთის მუნიციპალიტეტი;
• ცენტრალური ხელისუფლება;
• სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;
• სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.

მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ინსტიტუციური მოწყობა და ურთიერთობა თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. TUDA და „საქართველოს რკინიგზა“ ერთობლივად იქნებიან პასუხისმგებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, პროექტირების, განხორციელებისა და ექსპლუატაციის/მონიტორინგის ეტაპების მართვაზე, ზემოთ მოცემულ სხვა
დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კონსულტაციით. პროექტი დაფინანსდება თბილისის მერიის, „საქართველოს რკინიგზის“, ცენტრალური ხელისუფლების ან საერთაშორისო დონორების მიერ, სადაც ეს მიზანშეწონილი იქნება,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პროექტის განვითარება 2024-2035 წლებში განიხილება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 288 მილიონი დოლარი იქნება. მათ შორის არსებული სარკინიგზო ხაზის განახლებას 133 მილიონი დოლარი დასჭირდება, მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის (20 მატარებლის) სავარაუდო ფასი 31 მილიონი დოლარია, ხოლო რკინიგზის ახალი განშტოების (რუსთავი-აეროპორტი) მშენებლობა 114 მილიონი დოლარი დაჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები