თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბის" მიმართულებით 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს. პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს.
ეს პროექტი განსხვავდება ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებული პროექტისგან, რაც თბილისის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროექტს წარმოადგენდა და კომპანია Ramboll-ის მიერ მომზადებულ კვლევაზე იყო დაფუძნებული. მისი მიხედვით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან არა მეტრო დიდუბეს, არამედ მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. დოკუმენტს თან ახლდა ხარჯების შეფასების ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, ერთი კილომეტრი ტრამვაის ხაზის გაყვანა 20 მილიონ ევრომდე დაჯდებოდა, რაც მთლიანობაში 154 მილიონი ევრო იქნებოდა, ხოლო მოძრავი შემადგენლობის შესყიდვისა და დეპოს მოწყობის საფასური 110 მილიონი ევრო იქნებოდა. შესაბამისად, პროექტის მთლიანი საფასური 264 მილიონ ევრომდე იყო შეფასებული.
დღეს გამოცხადებული ფასთა გამოკვლევა კი, განახლებული პროექტის მთლიანი ღირებულების შეფასებას ემსახურება.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. ფასების გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენი მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება.
სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.
პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
- საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
- ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
- ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
- მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
- OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.
ვადები:
- კონცეპტუალური პროექტი: 6 თვე;
- დეტალური პროექტირება: 12 თვე;
- მშენებლობა: 36 თვე.
პროექტის საერთო ვადა 4.5 წელს შეადგენს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტების თანახმად, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50’000’000 აშშ დოლარის ბრუნვა.
ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება.