ეკონომისტი ზაზა ბროლაძე „ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმას მწვავედ აკრიტიკებს. „განათლების ასეთი ნგრევა განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის, ბოლო წლებში განხორციელებული ტოტალური ნგრევის ფონზეც კი“, - თქვა მან BMG-თან ინტერვიუში.
ეკონომისტი განათლების რეფორმას განათლების ნგრევად აფასებს და ამბობს, რომ „ამ ნგრევის შედეგების აღმოფხვრას წლები დასჭირდება“. „მივიღებთ გაუნათლებელ თაობებს, რომელთანაც ადვილი იქნება იდეოლოგიური მუშაობა და მათი ავტორიტარული მმართველობისათვის საჭირო მიმართულებით წაყვანა“, - აცხადებს ის.
ზაზა ბროლაძეს, რომელიც 2005-2006 წლებში სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, არაერთი კითხვა აქვს ეკონომიკის სამინისტროს შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებითაც, რომლის შედეგებსაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სრული კვლევა საჯარო არაა და განათლების და ეკონომიკის სამინისტროების ვებგვერდებზე მხოლოდ კვლევის პრეზენტაციაა გამოქვეყნებული.
„საქართველოს დე ფაქტო მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმა გამოაცხადა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს. თავიდანვე აპელირებდნენ მითურ „შრომის ბაზრის კვლევაზე“, როგორც რეფორმის მიმართ დასმულ ყველა კითხვის პასუხზე. ეს კვლევა თებერვლის ბოლომდე არ გამოუჩენიათ და ისიც მხოლოდ პრეზენტაციის სახით დევს განათლების სამინისტროს ვებგვერდზე . სხვათა შორის, ამ პრეზენტაციაში ორი კვლევის შედეგებია: 1. „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევები“ 2017- 2025 წლები და 2. „სახელმწიფო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა“ 2025 ნოემბერ-დეკემბერი.
არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სინამდვილეში ან ძალიან ნაჩქარევად ჩატარდა და დაირღვა შერჩევის, საველე სამუშაოების, ინფორმაციის შეწონვის, დამუშავებისა და საბოლოო შედეგების მომზადების საფეხურები, ან, უარეს შემთხვევაში, არანაირი კვლევები არ ჩატარებულა და ის განათლების სამინისტროს მიერ დაიხატა იმისათვის, რომ უნივერსიტეტებისათვის უკვე გამოცხადებული ლიმიტები ლეგიტიმური გაეხადათ. ეს ორი თვისობრივად განსხვავებული კვლევაა“, - ამბობს ის.
ეკონომისტის აზრით, შრომის ბაზრის კვლევების მიზანს საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება წარმოადგენს და არა - მსგავსი „გადაწყვეტილებების“ მიღება.
„ზოგადად, შრომის ბაზრის კვლევა უნდა იყოს განგრძობითი ანუ ის უნდა ტარდებოდეს პერიოდულად, ყოველწლიურად ან წელიწადში ორჯერ. ყოველ წელს კვლევა განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს, ანუ უნივერსიტეტების ლიმიტები ყოველ წელს უნდა ვცვალოთ? ანუ, უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა ყოველ წელს უნდა გადავალაგოთ? ხომ სრული აბსურდია, არა?! ან რამდენ ადამიანს იცნობთ, ვინც იმ პროფესიით მუშაობს, რაც დიპლომში უწერია?!“, - აცხადებს ეკონომისტი ზაზა ბროლაძე.




























