სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში წარადგინეს მოსამართლის 2 036 განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების, გაგრძელების, კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ, ასევე 96 დადგენილება გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, 22 ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ, 68 განჩინება კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცენტრალური ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფარული საგამოძიებო მოქმედება შეჩერდა 112 შემთხვევაში.
ინსპექტირების პროცედურის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ დასრულდა:
- სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ვიდეომონიტორინგის გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერება. შემოწმების შედეგად კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ გამოვლენილა.
- სააგენტოს მიერ ვაკანტურ თანამდებობებზე მისაღები პირების (კანდიდატების) მონაცემების დამუშავების კანონიერება. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა მონაცემთა დამუშავების კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა და სააგენტოს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.
გასულ წელს, ასევე დაიწყო ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემოწმების პროცედურა.




























