მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ფულს გამოიმუშავებდით, ტიმ კუკის მოსვლის დროს Apple-ში $1000 დოლარი რომ დაგებანდებინათ?

649e9af1ef78e
გიორგი არონია
30.06.23 23:55
3108

სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის მიერ 1976 წელს დაფუძნებული Apple-ი, დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა. ამასთან, Apple-ი პირველი კომპანიაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც საბაზრო ღირებულების $2-ტრილიონიან და $3-ტრილიონიან ნიშნულს გადააბიჯა. ისტორიაში პირველად, $3-ტრილიონიანი მაჩვენებელი ამერიკულმა კომპანიამ 2022 წლის 3 იანვარს გადალახა, მაგრამ მცირე დროით. 

ისე კი, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად გადაქცევამდე, Apple-ს არაერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას პარადიგმული ცვლილების გამოვლა დასჭირდა. ერთ-ერთი მათგანი კომპანიიდან მისი დამფუძნებლის, სტივ ჯობსის წასვლას უკავშირდება. 1985 წელს, სტივ ჯობსსა და კომპანიაში მის მიერ მოყვანილ ჯონ სქალის შორის უთანხმოებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც სტივ ჯობსმა კომპანია დატოვა და ტექნოლოგიური სტარტაპი, neXT-ი დააფუძნა. რეალურად, neXT-ი განსაკუთრებით წარმატებული არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთი მიღწევა, რომელიც ამ კომპანიას ნამდვილად აქვს, NeXTSTEP-ის საოპერაციო სისტემაა, რომლის გამოც, 1996 წელს, Apple-მა სტივ ჯობსის ახალი კომპანია $427 მილიონად შეიძინა. ამ გარიგების შედეგად, სტივ ჯობსმა Apple-ის აქციების ნაწილი მიიღო და კომპანიაში დაბრუნდა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კომპანიაში ტიმ კუკის გამოჩენას ეხება. ტექნოლოგიურ კომპანიას 37 წლის ტიმ კუკი 1998 წლის მარტში, საერთაშორისო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტად შეუერთდა. ტიმ კუკის გადმოსაბირებლად Apple-მა მას დიდი ხელფასი შესთავაზა – $500-ათასიანი წინასწარი ბონუსის გარდა, ყოველ წელს ტიმ კუკი ფიქსირებულ $400 ათასს მიიღებდა. იმ დროს Apple-ში მუშაობა დიდად არავის სურდა, რადგან კომპანია ფაქტობრივად გაკოტრებული იყო. კუკმა იცოდა, რომ კომპანიაში დომხალი ელოდებოდა. სტივ ჯობსმა კი იცოდა, რომ კომპანიაში შესყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე ტიმ კუკის მოყვანით, Apple-ი აუცილებლად იხეირებდა. „კუკსა და მე ერთნაირი ხედვა გვქონდა“, – უთხრა ჯობსმა უოლტერ აიზეკსონს, მის ბიოგრაფს. „მაღალსტრატეგიულ დონეზე ვურთიერთობდით, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები მავიწყდებოდა – კუკი კი მახსენებდა“.

წლების განმავლობაში, ტიმ კუკი Apple-ის კარიერულ კიბეზე ნელ-ნელა მაგრამ მდგრადად ადიოდა და 2011 წელს, კომპანიის კორპორაციულ სტრუქტურაში უმაღლეს რგოლს - აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწია. 2011 წლის 24 აგვისტოს, სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ კომპანიას ტოვებდა. ამ გადაწყვეტილებით, Apple-ის ისტორიაში სტივ ჯობსის ეპოქა დასრულდა. კომპანიიდან წასვლამდე, სტივ ჯობსმა Apple-ის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ დირექტორად, იმ დროს კომპანიის საოპერაციო დირექტორის, ტიმ კუკის კანდიდატურა წარუდგინა. სამეთვალყურეო საბჭომ ტიმ კუკი კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელად აირჩია, სტივ ჯობსი კი, ორ თვეში, პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.

ტიმ კუკის მოსვლით, Apple-ში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც ისტორიაში კომპანიის სერვისული ბიზნესის განვითარებით, სტრიმინგის ბაზარზე შესვლით, AirPods-ის, Apple Watch-ისა და M1-პროცესორის შექმნით შევა. ამასთან, ტიმ კუკის მმართველობის პირობებში, Apple-ი კაცობრიობის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციის $2-ტრილიონიან და $3-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ასეთი ფინანსური შედეგი, რომელიც, თავის თავში, დიდ შემოსავალს და მოგების მაღალ მარჟას გულისხმობს, კომპანიის ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად დადებით სიგნალს წარმოადგენს. არადა, თავის დროზე, ინვესტორები და ანალიტიკოსები ტიმ კუკის კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნას მაინცდამაინც დადებითად არ უყურებდნენ.

ახლა კი, დავუბრუნდეთ ამ სტატიის მთავარ თემას და გავცეთ პასუხი შეკითხვას - რამდენ ფულს გამოიმუშავებდით, ტიმ კუკის მოსვლის დროს Apple-ში $1000 დოლარი რომ დაგებანდებინათ?

სტივ ჯობსის მმართველობის ბოლო დღეს, 2011 წლის 23 აგვისტოს, Apple-ის ერთი აქცია საფონდო ბირჟაზე $373.52-ად ივაჭრებოდა. ამგვარად, კომპანიაში $1000-იანი ინვესტიციის სანაცვლოდ, Apple-ის 2.68 აქცია მოგივიდოდათ. ტიმ კუკის მმართველობის პერიოდში, Apple-ის აქცია ორჯერ გაიყო, ანუ გაისპლიტა - 2014 წლის ივნისში, გასპლიტვა 7:1-ზე პროპორციით, 2020 წლის აგვისტოში კი, 4:1-ზე პროპორციით შედგა. ამგვარად, 2011 წლის აგვისტოში ნაყიდი 2.68 აქცია, 2020 წლის აგვისტოში 75.04 აქციად გადაიქცეოდა.

დღეს, Apple-ის ერთი აქცია $189.59 ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიმ კუკის მმართველობის პირობებში, თქვენი $1000-იანი ინვესტიცია $14,226.83-ს მოგიტანდათ. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი არ მოიცავს დივიდენდებს, რომელსაც Apple-ი რეგულარულად გასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, ტიმ კუკის მმართველობის პერიოდში, თქვენი $1000-იანი ინვესტიცია 1322%-იან ამონაგებს მოგიტანდათ.

ტიმ კუკის მმართველობის პერიოდში, Apple-ი ერთ-ერთი ის კომპანია გახდა, რომელიც სისტემატურად უკეთეს შედეგს დებდა, ვიდრე ამერიკის უმსხვილესი ხუთასი კომპანიის ინდექსი, S&P 500-ი. 2011 წლის 23 აგვისტოს $1000 SPDR S&P 500 ETF Trust-ში რომ დაგებანდებინათ, დღეს $3,748.97 გექნებოდათ, რაც ინვესტიციის 274.9%-იან ზრდას წარმოადგენს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები