სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს უწყებამ საქართველოში ბინადრობის ნებართვისა თუ მოქალაქეობის მაძიებელი 157 011 პირის საქმე განიხილა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ჩატარებული შემოწმების შედეგად, 6 374 შემთხვევაში უწყებამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა. სუსის განმარტებით, მიგრაციული არხების მონიტორინგი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.
ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი მეთოდები, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ლეგალურად დასაფუძნებლად იყენებენ. უწყების ინფორმაციით, ხშირად ადგილი აქვს დოკუმენტაციის ფალსიფიკაციას ან ფიქტიურ გარიგებებს.
“დადგინდა, რომ სხვადასხვა სტატუსით საქართველოში დაფუძნების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში, თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით, ცდილობდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვებას და ვითომდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით, ითხოვდნენ მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, შრომითი ცხოვრების უფლებას, ხოლო საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების საფუძველზე მუდმივი ცხოვრების ნებართვას.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დასრულების შემდეგ ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობდა ქვეყანაში დაფუძნებას საქართველოს მოქალაქესთან ფიქტიური ქორწინების საფუძველზე, ასევე შრომითი ხელშეკრულების ან საქართველოში კომპანიის დაფუძნების მოტივით.”
სუსის ანგარიშის მიხედვით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა პირდაპირ აისახება უსაფრთხოების ზომებზე. უწყება აცხადებს, რომ ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი ტურისტების თავშეყრის ადგილები შესაძლო დაპირისპირებების პრევენციისთვის. ამასთან, გამოვლინდნენ პირები, რომლებიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.
“ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან და ირანიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის შემთხვევითი თუ მიზანმიმართული დაპირისპირებების თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ კონტროლზე იყო მათი შესაძლო თავშეყრის ადგილები.
საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდებოდა საქართველოში მათი საქმიანობისა და კავშირების მონიტორინგი მათი მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო და საქართველოს ინტერესების საზიანო ქმედებების გამოვლენა აღკვეთის მიზნით.
ცალკეულ შემთხვევებში, ასევე, დაფიქსირდა უცხო ქვეყნებში პერიოდულად გადამსვლელ პირებთან სპეციალური სამსახურების წარმომადგენლის კონტაქტის შემთხვევები, მათგან დაინტერესების თემებზე ინფორმაციის მოპოვებისა და გადაბირების მცდელობის ფაქტები.”
ანგარიშში ასევე საუბარია იმ პირებზე, რომელთა საქმიანობაც სახელმწიფოებრიობისა და ისტორიის დაკნინებისკენ იყო მიმართული. სუს-ის მტკიცებით, ასეთ შემთხვევებში გამოყენებულ იქნა მკაცრი ზომები.
“საქართველოში ვიზიტად მყოფი ან დროებით მცხოვრებ უცხოელთა ოპერატიული კონტროლის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე პირი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ანტიქართული ქმედებებით, ავრცელებდნენ ცრუ და დამახინჯებულ ინფორმაციას, ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ისტორიის დაკნინებას, დემონსტრაციულად გამოხატავდნენ მტრულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას საქართველოსა და ქართველი ერის მიმართ. მათ წინააღმდეგ გატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის დაწესდა სასაზღვრო კონტროლი.”



























