მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ პირს გაიწვევენ წელს ჯარში? - პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები I მოსმენით მიიღო

გრიგოლ გიორგაძე

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით, განიხილა და მიიღო „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. ცვლილებები, რომლებიც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და სამსახურის გავლის პროცედურების დაზუსტებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება და ფართოვდება წვევამდელებისთვის უწყების ჩაბარების წესი. თუ აქამდე უწყების ფიზიკურად ჩაბარება იყო პრიორიტეტი, ახალი წესით:

  • შეტყობინება შესაძლოა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით ან მობილურ ნომერზე SMS-ის სახით.
  • თუ პირი შეტყობინებას ელექტრონულად მიიღებს და 2 სამუშაო დღეში არ დააფიქსირებს უკუკავშირს, უწყება გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე.
  • საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება.
  • გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ოჯახის წევრთა წრე, რომელთაც ასევე შეეძლებათ პირის ნაცვლად უწყების მიღება.

წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სამი ფორმიდან ერთ-ერთი:

  1. 6 თვე — საბრძოლო ქვედანაყოფში;
  2. 8 თვე — დაცვისა და უზრუნველყოფის მიმართულებით;
  3. 11 თვე — უმცროსი სამეთაურო წოდებისა და სპეციალობის დასაუფლებლად.

პროექტით ზუსტდება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ანაზღაურებადია და მოიცავს კუთვნილ შვებულებებსა და დასვენების დღეებს.

კანონპროექტით რეგულირდება იმ პირთა საკითხი, რომლებიც წვევამდელთა სამსახურს საკონტრაქტო ფორმით გადიან. თუ პირი ვადაზე ადრე შეწყვეტს კონტრაქტს, ის ავტომატურად გადაინაცვლებს 8-თვიან სავალდებულო სამსახურში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მას აქვს კანონით გათვალისწინებული გადავადების საფუძველი ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა.

ასევე, განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის მიერ შეთავსებითი საქმიანობის ვადა წერილობითი თანხმობა ამგვარ საქმიანობაზე ერთი წლის ვადით გაიცემა.

მთავრობის პროგნოზით, 2026 წელს თავდაცვის ძალებში 18-დან 27 წლამდე ასაკის დაახლოებით 5 800 პირის გაწვევა იგეგმება. შერჩევა კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება.

კანონპროექტი ასევე ეხება თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს. მინისტრის სამართლებრივი აქტით დაზუსტდება მათი სამსახურში მიღების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები