მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ წელშია შესაძლებელი სიღარიბის განულება - ირაკლი კობახიძის პასუხი

დავითაშვილი

ნახევარი მლნ ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული პრობლემაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ ბოლო 3 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდა, სიღარიბის განულება "მალე იქნება მიღწეული".

"აქამდე გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევა ამ კუთხით, მაგრამ სურათი კვლავაც რთულია. 30% იყო სიღარიბე, 2012 წელს ეს დაგვიტოვეთ თქვენ, როცა ხელისუფლება შეიცვალა და 2022 წლის მაჩვენებელი იყო 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ნახევარმა მლნ ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს. თუმცა, კვლავ გვაქვს ძალიან მძიმე მაჩვენებელი. ნახევარი მლნ ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული პრობლემაა.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტემპებში და ვადებში დავძლევთ სიღარიბეს. აქ იყო ნახსენები 0.7% 2027 წლის ჩათვლით, ასეთ შემთხვევაშიც კი, 100 000 ადამიანი დაძლევს სიღარიბეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმები, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდასთან. ბოლო 3 წელი ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვქონდა, თუ ასეთ ტემპს შევინარჩუნებთ, მერწმუნეთ, ბევრად უფრო მალე იქნება მიზანი მიღწეული, რომელსაც ჰქვია სიღარიბის განულება. მთავარია, ეკონომიკური ზრდა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მანამდე დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ კობახიძეს ჰკითხა, რამდენი წელი უნდა იყოს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, რომ ნულოვან სიღარიბეს მიაღწიოს.

„ბატონო ირაკლი, გუშინ ოპოზიციასთან შეხვედრის დროს, ეკონომიკაზე საუბრისას, თქვენ აღნიშნეთ, რომ სახეზეა ფუნდამენტური პროგრესი და რომ თქვენთვის მთავარია შეინარჩუნოთ ეკონომიკის განვითარების ეს ტემპი. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, არსებული დინამიკით, რომელიც თქვენთვის ესოდენ მოსაწონია, 2024-2027 წლებში სიღარიბე საშუალოდ წლიურად მხოლოდ 0.7%-ით შემცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის დაძლევას ქვეყანა არსებული დინამიკით, ივანიშვილის ხელისუფლებით და მის მიერ დანიშნული პრემიერით, თქვენი სახით, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მიზანია ამ ტემპის შენარჩუნება და არა ცვლილება, საქართველოში სიღარიბის დაძლევას დასჭირდება 25 წელი.

თქვენ დღეს ასევე განაცხადეთ, რომ თქვენი სამთავრობო პროგრამის მიზანია 0% სიღარიბე, რის გამოც მქუხარე ტაში დაიმსახურეთ თანაპარტიელებისგან. მარტივად, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხელისუფლებაში დარჩენას 25 წელი აპირებთ", - მიმართა თინათინ ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები