მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად ასრულებს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის გაორმაგებაზე EU-თან აღებულ პირობას?

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანმა ევროკავშირს შარშან 12.8 მლრდ მ3 გაზი მიაწოდა. დაახლოებით იმდენი რამდენიც 2024 წელს. თუმცა აზერბაიჯანს ევროკავშირის მიმართ გაზის მიწოდებაზე გაცილებით დიდი ვალდებულება აქვს აღებული.

2022 წელს დადებული ხელშეკრულებით, ევროპაში გაზის ექსპორტი 20 მ3-მდე უნდა გაზარდოს, ანუ გაორმაგდეს. აზერბაიჯანისა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ, ბაქო ეტაპობრივად ზრდიდა მიწოდებული გაზის მოცულობას, თუმცა შარშან ფაქტობრივად იგივე ნიშნულზე დარჩა.

2022 წლის ზაფხულში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ილჰამ ალიევმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ გაზის მიწოდების გასაზრდელად გაფართოვდება სამხრეთის გაზის კორიდორი, ანუ საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, რომელიც ბოლო წლებია თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ქვეყანამ ჯამში 51.5 მლრდ მ3 ბუნებრივი გაზი აწარმოვა. საანგარიშო პერიოდში გაზის გაყიდვებმა 25.2 მლრდ მ3 შეადგინა. აქედან 12.8 მლრდ ექსპორტირებული იყო ევროპაში, 9.6 მლრდ - თურქეთში (მათ შორის 5.6 მლრდ TANAP-ის მეშვეობით), 2.3 მლრდ - საქართველოში.

გასულ კვირაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მზადაა, ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

მისივე თქმით, გეგმავენ გაზის მოპოვების დამატებით 10 მილიარდი კუბური მეტრით ზრდას, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის დამატებითი გარანტია იქნება. პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ წარმოების ზრდა რამდენიმე ახალი საბადოს ამუშავებით და არსებულის გაფართოებით გახდება შესაძლებელი. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ეს პროექტები ქვეყანას საშუალებას მისცემს, ჯამური ექსპორტი 2027 წლისთვის, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდონ, რაც 2022 წელს ევროკომისიასთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის მთავარი მიზანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები