ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი ნიკა შურღაია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "იმედის ბანკზე" საბანკო ლიცენზია არ უნდა გასცეს.
"მე არაფრის დიდებით არ გავცემდი საბანკო ლიცენზიას [„იმედის ბანკზე“] და ვფიქრობ, არცერთმა სინდისიერმა და გონიერმა ადამიანმა ეს არ უნდა გააკეთოს, თუმცა ვნახოთ. როგორ მოიქცევიან, ჩემთვის ესეც ტესტია", - განაცხადა ფინანსისტმა და ყოფილმა ბანკირმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
ნიკოლოზ შურღაიას განცხადებით, სებ-ის მიერ „იმედის ბანკისთვის“ საბანკო ლიცენზიის მიცემის შემთხვევაში, ყველაზე დიდი დარტყმა, რაც შეიძლება ქართულ საფინანსო სექტორს მიადგეს, რეპუტაციულია.
"სავარაუდოდ, უფრო რეპუტაციულ [დარტყმას] მივიღებთ... თუმცა საფინანსო სექტორში რეპუტაცია ძალიან ძვირი ღირს. ანუ, ვერ ვიტყვი, რომ ახლა პირდაპირ სანქცირების ობიექტი გახდება ეროვნული ბანკი - ცენტრალური ბანკის სანქცირება ძალიან დიდი და ძნელი ნაბიჯია, მძიმე ნაბიჯია და ვფიქრობ, მოერიდებიან; არ შეიძლება, რომ ასე ძალიან დააზიანონ ქვეყანა, თუნდაც თავზე ხელაღებული ხელმძღვანელის ქმედების შემთხვევაში... მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს მიიღებს ეროვნული ბანკი და, შესაბამისად, უნამუსო მარეგულირებლის მიერ რეგულირებადი ინსტიტუციებიც ცუდი თვალით იქნებიან დანახული; ყველა ბანკი რაღაც ერთბაშად კიდევ უფრო ტალახშესხმული იქნება ვიდრე დღემდე იყო“, - განაცხადა ნიკა შურღაიამ.
მისივე აზრით, თუ ეროვნული ბანკი „იმედის ბანკზე“ ლიცენზიის გაცემას გადაწყვეტს, სებ-ის თანამშრომლებს მოუწევთ თვალის დახუჭვა რამდენიმე კრიტიკულ ფაქტორზე:
ბანკის ლიცენზირების პროცესი და მასთან დაკავშირებული რისკები
„მოდით, ვნახოთ, რა ეტაპების გავლა მოუწევთ ამ ბანკის დამფუძნებლებს. მხოლოდ ფულის მიტანა საკმარისი არ არის - შესაბამისობის დასადასტურებლად მათ სულ მცირე ორ საკითხზე მოუწევთ პასუხის გაცემა: ვინ არიან დამფუძნებლები (მათი რეპუტაციის დადასტურება) და ვინ იქნებიან ბანკის ადმინისტრატორები.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნებიან „ვერცხლის მოყვარული“ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ადმინისტრატორებად გაფორმდნენ, თუმცა ბევრი მათგანი დაფიქრდება იმ ხიფათზე, რაც ამ „ვერცხლს“ ახლავს. თუ ბატონმა ირაკლი რუხაძემ და სხვებმა მედიაჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, საინტერესოა, ვინ იქნებიან ის „გმირები“, რომლებიც მათ ადგილს დაიკავებენ“ - აცხადებს ნიკა შურღაია.
ბიზნესგეგმა და პროფესიული პასუხისმგებლობა
ფინანსისტის განმარტებით, ბანკის ლიცენზიის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენაა. მისი თქმით, საინტერესოა, რა ეწერება მასში, რა შემოსავლიანობაზე იქნება საუბარი და როგორ შეაფასებენ ამას ეროვნული ბანკის ლიცენზირების დეპარტამენტის თანამშრომლები.
„როდესაც ეს პროცესები დასრულდება, აუცილებლად დაისმება კითხვები:
• რა მიზეზით და რის საფუძველზე გაიცა ლიცენზია?
• ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც რეალობას აცდენილი აღმოჩნდება?
ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ შემსრულებლებზე კი არა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებზეც გავრცელდება. გარდა ამისა, არსებობს ტექნიკური საკითხები - საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემები და მათი უსაფრთხოება. ეს ის ქაღალდებია, რომლებიც არსად გაქრება და ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, თუ „როგორ და რატომ“, - აღნიშნა მან.
საერთაშორისო რეზონანსი
ნიკა შურღაიას აზრით, ეროვნული ბანკის ასეთი ქმედებები ყურადღების მიღმა არ დარჩება საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის.
"აქ მხოლოდ სანქციებზე პასუხისმგებელი ორგანოები არ იგულისხმება; ამ პროცესს აკვირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ყველა სხვა პარტნიორი. ისინი ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს ქვეყნისთვის ეს არსებითი ინსტიტუცია, რაც საბოლოოდ ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ აცხადებენ, თითქოს „ყველაფერი რიგზეა“, 27 თებერვალს, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრება და მასზე თავად „ნახევრადღმერთის“ [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] დასწრება, მიანიშნებს, რომ მათთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ხდება. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მათი „ყველაფერი კარგად არის“, - აცხადებს ნიკა შურღაია.




























