ევროპელები ჰაერის კონდიცირებაზე იმაზე ნაკლებად არიან დამოკიდებული, ვიდრე ადამიანები მსოფლიოს სხვა წერტილებში. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ კლიმატის კრიზისით გამოწვეული ტემპერატურის ზრდის გამო კონდიციონერებზე მოთხოვნა ევროპაშიც იზრდება.
Euronews-ის ცნობით, ევროპაში დამონტაჟებული კონდიციონერების რაოდენობა 1990 წლიდან დღემდე გაორმაგდა, ზრდა კი განსაკუთრებით კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილშია შესამჩნევი, რადგან ეს სწორედ ის არეალია, სადაც შენობები მაღალ ტემპერატურაზე არაა გათვლილი.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კვლევის თანახმად, ევროკავშირის მასშტაბით იმაზე ნაკლები კონდიციონერია დამონტაჟებული, ვიდრე მხოლოდ ჩინეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში და იაპონიაში. ამავე კვლევის თანახმად, 1000 მოსახლეზე ევროპის მასშტაბით მხოლოდ 20 კონდიციონერი მოდის.
2022 წლის ანგარიშში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმადაც ევროკავშირში 2023 წელს დამატებით 130 მილიონი ერთეული კონდიციონერი დამონტაჟდებოდა, 2050 წელს კი კონდიციონერების რაოდენობა კონტინენტზე გაოთხმაგდებოდა.
კვლევის თანახმად, ევროპაში ჰაერის გაგრილების სისტემა ძირითადად კომერციულ შენობებშია დამონტაჟებული და არა - კერძო სახლებში, რაც კონდიციონერების რაოდენობით წამყვან ქვეყნებში - ჩინეთში, იაპონიასა და აშშ-ში პირიქითაა.
ამავე დროს, კონდიციონერის გაყიდვების მაჩვენებლები ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი ტემპით იზრდება.
აღსანიშნავია, რომ კონდიციონერის დამონტაჟება კვლავ ასოცირდება მცირე ფუფუნებასთან - თავდაპირველი ხარჯების გარდა, კონდიციონერი ზრდის კომუნალურ გადასახადებსაც - შესაბამისად, იმ ოჯახთა რაოდენობა, რომლებსაც სახლში გაგრილების სისტემა აქვთ დაყენებული, მდიდარ ქვეყნებში გაცილებით მაღალია და სწრაფი ტემპითაც იზრდება. ამის მიუხედავად, Eurostat-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირში ენერგიის მოხმარების მხოლოდ 0.5%-შია კონდიციონერის კონტრიბუცია.
კონდიციონერი დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს, რასაც სათბურის აირების ემისიებამდე მივყავართ, ემისიები კი დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ანგარიშის თანახმად, გლობალურად ჰაერის კონდიცირების საშუალებები წლიურად ატმოსფეროში გაფრქვეული 37 მილიარდი ტონა CO2-დან მხოლოდ 1 მილიარდზე არიან პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რეგიონში კონდიციონერი არა ფუფუნების საგანი, არამედ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ატრიბუტიკაა. კვლევის თანახმად, ჰაერის კონდიცირების სისტემა ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენის საშუალებას აჩენს, ეს რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდება.