მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ინკლუზიურია ეკონომიკური ზრდა? - გიორგი ხიშტოვანის შეფასება

გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდა. თუმცა როგორც გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან აღნიშნავს, კვლავაც არსებობს კითხვის ნიშანი, რამდენად ინკლუზიურია ეკონომიკური ზრდა და რამდენად აისახება ის მოსახლეობის ფართო ფენებზე.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ისეთ სექტორებსაც, სადაც მაღალი ხელფასები ფიქსირდება, თუმცა მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილია დასაქმებული.

„I კვარტალის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები პოზიტიურია. ის დინამიკა, რაც 2023 წელს გვქონდა, წელსაც გრძელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტალის შედეგები იმ პროგნოზს აჭარბებს, რაც სხვადასხვა ორგანიზაციას აქვს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სრული სექტორული სურათი არ გვაქვს, რადგან დაზუსტებული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. ზოგადი ინფორმაციის მიხედვით ვიცით, რომ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი აქვს ICT სექტორს, დამმუშავებელ მრეწველობას და უძრავ ქონებას.

თუკი ვიმსჯელებთ, რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ინკლუზიურად, ვფიქრობ, რომ შედარებით ნაკლებად, რადგან ისეთი სექტორი როგორიცაა მაგალითად, ICT მაღალშემოსავლიანია, თუმცა შედარებით აქ შედარებით ნაკლები ადამიანია დასაქმებული. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ დაეხმარება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ზოგადი შეფასება პოზიტიურია, თუმცა ისეთი რისკები როგორიცაა რეგიონალური და ადგილობრივი პოლიტიკური რისკები, ბუნებრივია, რჩება. მთლიანობაში, ეკონომიკა მეტ-ნაკლებად ჯანსაღ მდგომარეობაშია და წლის განმავლობაში თუ ასეთი ზრდა შევინარჩუნებთ, ეს ცალსახად პოზიტიური შედეგი იქნება”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები