მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მდგრადია და რა ღირს ხის კოტეჯების აშენება?

645b9bacc67fa
თათია ჩაფიჩაძე
11.05.23 09:59
4737
ხის კოტეჯებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც კომპანია „დიდოსტატში“ აცხადებენ, ხის სახლებს როგორც სააგარაკე, ისე ტურისტული მიზნებისთვის მაღალმთიან რეგიონებში აქტიურად აშენებენ.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას, კომპანიის დამფუძნებელმა თინათინ სამყურაშვილმა განაცხადა, რომ ფასები 2021-2022 წლის პირველ ნახევარში 700-დან 1 200 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდა.

„პანდემიამდე დაკვეთები მოდიოდა სააგარაკე სახლებზე და მრავალნომრიან სასტუმროებზე. პანდემიის შემდეგ მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდა, თუმცა, დღეს უფრო ითხოვენ მცირე ნომრიან კოტეჯებს, ასევე დიდია ინტერესი სააგარაკე მიზნით კოტეჯების მშენებლობაზე.

ტურისტული მიზნით აშენებენ მაღალმთიან რეგიონებში, ყაზბეგი, სვანეთი, რაჭა. სააგარაკე სახლების დიდი წილი მოდის საგურამო, კოჯორი, წავკისი, ტაბახმელა, ბულაჩაური, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, ასევე არაგვისპირში.

2021 წელს პრაქტიკულად ყოველთვიურად ხდებოდა მასალებზე ფასების ზრდა, შესაბამისად, 2022 წლის პირველ ნახევარშიც, მიუხედავად მოგების მარჟის შემცირებისა, ფასები კვ/მ-ზე 700-800 ლარიდან 1 200 – 1 300 ლარამდე ავიდა. ამ ფასში სახლი დასრულებულ მდგომარეობაში, სრული რემონტით ბარდება. ბოლო 7-8 თვეა ფასები დასტაბილურდა და თუ მასალა არ გაძვირდება, ჩვენ მომსახურების გაძვირებას არ ვგეგმავთ.

დამკვეთები არიან ქართველებიც და უცხოელი მოქალაქეები. ტურისტული მიზნით შედარებით უფრო პატარას აშენებენ, 24-დან 50-მდე. სააგარაკე სახლის შემთხვევაში 60 და ზემოთ“, - განაცხადა სამყურაშვილმა.

კითხვაზე რამდენად მდგრადია ხის სახლები და როგორია მისი ექსპლუატაციის ვადები, კომპანია „დიდოსტატში“ აცხადებენ, რომ მინიმალური ვადიანობა 50 წელია. მათი თქმით, ხის სახლები სეისმომედეგია და მდგრადია ქარის მიმართაც.

„სახლების ხარისხს განაპირობებს ყველა ის მასალა, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქტია, რომელსაც 50-დან 100 წლამდე გარანტია აქვს. გარდა ამისა, ვიყენებთ მშენებლობის იმ მეთოდებს რაც ევროპაში და ამერიკაშია. ჩვენი ხის კოტეჯები მდგრადია ქარის მიმართ და ასევე სეისმომედეგია. მისი დამუშავება ხდება ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარით და ანტისეპტიკით,“ - აღნიშნა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები