მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მდიდარია ბრიტანეთის მონარქი? – Forbes-მა მეფე ჩარლზ III-ის ქონება შეაფასა

6332b50d94183
გიორგი თოლორდავა
28.09.22 00:06
1950
ისტორიაში ნამდვილად იყო პერიოდი, როდესაც ბრიტანეთის იმპერიის მონარქი თამამად შეგვეძლო ჩაგვეთვალა პლანეტის უმდიდრეს ადამიანად, თუმცა თანამედროვე სამყაროში მეფეებსა და დედოფლებს უკვე აღარ აქვთ ენითაღუწერელ სიმდიდრესა და ძალაუფლებასთან წვდომა. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე ჩარლზ III, რომელიც ტახტზე სულ რაღაც ორი კვირის წინ ავიდა, დიდძალი ქონების პატრონია.

ზოგადად, მონარქის ქონების შეფასება გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან იმ სასახლეებისა თუ ხელოვნების ნიმუშების საბაზრო ღირებულების დადგენა, რომელსაც სამეფო ოჯახი ფლობს, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი აუქციონზე გატანის უფლება არავის არ აქვს - არც თავად მეფეს.

მიუხედავად ამოცანის სირთულისა, Forbes-მა მაინც შეძლო ჩარლზ III-ის ქონების სავარაუდო ღირებულების დადგენა და მონარქის მფლობელობაში არსებული აქტივების შეფასება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებული სამეფოს მონარქი ასრულებს მხოლოდ სიმბოლურ როლს და ის განხილული უნდა იქნეს როგორც საჯარო მოხელედ, რომლის ქონებაც რეალურად სახელმწიფოსა და ბრიტანელი ხალხის საკუთრებას წარმოადგენს.

Forbes-ის შეფასებით, მეფე ჩარლზ III ამჟამად 42 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს აკონტროლებს, მათ შორის უმსხვილესია: ბუკინგემის სასახლე და სამეფო კოლექცია, რომელიც ათასობით უიშვიათეს ხელოვნების ნიმუშს მოიცავს.

ზემოხსენებული $42-მილიარდიანი ქონების რეალური მფლობელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ბრიტანეთია და არც უშუალოდ სამეფო ოჯახი ან ჩარლზ III.

გარდა ამისა, ჩარლზმა დედოფალ ელისაბედ II-ისგან მემკვიდრეობის სახით 500 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები მიიღო, მათ შორისაა: პირადი სასახლეები, სამკაულები, ხელოვნების ნიმუშები, მანქანები, საჯინიბოები და უიშვიათესი ნივთების კოლექციები.

სამეფო ტახტზე აღზევებამდე ჩარლზის ძირითად შემოსავლის წყაროს კორნუოლის საჰერცოგო წარმოადგენდა, რომელიც 534 კვადრატული კილომეტრის მოცულობის რეგიონია ინგლისში. აწ უკვე თითქმის 700 წელია, რაც კორნუოლის ჰერცოგის საპატიო წოდებას სამეფო ტახტის უფროსი მემკვიდრე იღებს, რომლის ამპლუაშიც ჩარლზმა 65 წელი გაატარა.

ჰერცოგის შემოსავლის ძირითად წყაროს მიწის გადასახადი და სამეფო ოჯახის კომერციული საქმიანობა წარმოადგენს. Forbes-ის ინფორმაციით, ჩარლზი საჰერცოგოდან ყოველწლიურად დაახლოებით 27 მილიონ დოლარს იღებდა - აღნიშნული წოდება და შემოსავალი კი ახლა უკვე ტახტის მომდევნო მემკვიდრეს, პრინც უილიამს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული სამხედრო და საქველმოქმედო საქმიანობის გარდა, ჩარლზი სამეწარმეო საქმიანობითაც იყო დაკავებული. ის ათწლეულების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ბრიტანეთის მასშტაბით სასოფლო-სამეურნო სექტორის განვითარებასა და ფერმერების ხელშეწყობაში. მისი ინიციატივით შექმნილი ფონდი ამჟამად ქვეყანაში ორგანული პროდუქციის უმსხვილეს ბრენდს, Waitrose & Partners-ს ფლობს, რომელიც აგრეთვე პრინც უილიამს გადაეცა.

საჰერცოგოს აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს - ეს სწორედ ის ქონება იყო, რომელსაც ჩარლზი სამეფო ტახტზე ასვლამდე აკონტროლებდა.

ზოგადად, ბრიტანეთის მონარქის მთავარი სიმდიდრე სახელმწიფო კომპანია Crown Estate-ია, რომელიც 17 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარის შემოსავალს აგენერირებს.

მართალია, Crown Estate-ის მფლობელი თავად სახელმწიფოა, თუმცა მისი აქტივებით სარგებლობის და კომერციალიზაციიდან შემოსავლის მიღების ექსკლუზიური უფლებით სამეფო ოჯახი სარგებლობს, კომპანიის დე-იურე მეთაურს კი, ბუნებრივია, მეფე წარმოადგენს.

უშუალოდ Crown Estate-ის მფლობელობაში ლონდონის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები, კომერციული ფართები და გასართობი ობიექტებია. კომპანიის შემოსავალს სრულად იღებს ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინა, თუმცა შემდეგ უკვე თანხის 25% მონარქს უბრუნდება, როგორც ე.წ. „სამეფო გრანტი“, რაც რეალურად მეფისა თუ დედოფლის ძირითად ყოველწლიურ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, 2022 წლის დასაწყისში მონარქისთვის გაცემული გრანტის მოცულობამ თითქმის 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

Crown Estate-ის მიერ გამომუშავებული თანხის 10% ბუკინგემის სასახლის მოვლა-პატრონობაზე იხარჯება, 15% - სამეფო ოჯახის მოგზაურობაზე, წვეულებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე.

შემოსავლის თითქმის ნახევარი კი სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და საქველმოქმედო საქმიანობებზე იხარჯება, რაც სამეფო ოჯახის უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს.

ბრიტანეთის მონარქის შემოსავალი მხოლოდ Crown Estate-ის მიერ გამომუშავებული თანხის 25%-ით არ შემოიფარგლება. ჩარლზ III მეფის გარდა, ამავდროულად არის ლანკასტერის ჰერცოგიც. უშუალოდ ამ საჰერცოგოს აქტივების ღირებულება კი 753 მილიონ დოლარს შეადგენს, გასულ წელს საჰერცოგოს მიერ მონარქისათვის გადაცემული „სამეფო გრანტის“ მოცულობამ 24 მილიონი დოლარი შეადგინა.

საერთო ჯამში სამეფო პორტფელის 41% კომპანია Crown Estate-ზე მოდის, რომელიც, თავის მხრივ, 17.5 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებს; მონარქის ქონების 30%-ს სამეფო კოლექცია წარმოადგენს, რომელიც დაახლოებით $12.7 მილიარდის ღირებულების ხელოვნების ნიმუშებსა და ისტორიულ არტეფაქტებს მოიცავს; $9.5-მილიარდიანი შეფასებით ქონების 22% სამეფო სასახლეებსა და რეზიდენციებზე მოდის; კორნუოლის საჰერცოგოს აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს აღწევს და მისი წილი მონარქის პორტფელში თითქმის 3%-ია; 753 და 570-მილიონიანი აქტივებით პორტფელის 2-2%-ზე ნაკლები კი ლანკასტერსა და შოტლანდიაზე ნაწილდება.

ხელოვნების ექსპერტების შეფასებით, მონარქის სამეფო სამკაულების სავარაუდო ღირებულება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს - აღნიშნული თანხა მოიცავს: გვირგვინს, კვერთხს, ბეჭდებს, სამაჯურებს, ოქროს ბარძიმსსა და ყელსაბამებს.

სამეფო აქტივებს შორის ყველაზე რთულად შესაფასებელი ხელოვნების ნიმუშების კოლექციაა, რომელიც ლეონარდო და ვინჩის, კარავაჯოს, რემბრანდტისა და ვერმეერის უიშვიათეს ტილოებს მოიცავს. გარდა ამისა, კოლექციაშია თავმოყრილი ანტიკური ხელოვნებისა და ბრიტანეთის იმპერიის ზეობის პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან მოზიდული ფასდაუდებელი კულტურული მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშები და არტეფაქტები. ექსპერტების შეფასებით, კოლექციის ღირებულება 12-13 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, ნიმუშების აუქციონზე სათითაოდ გატანის შემთხვევაში, შესაძლოა, აქტივების რეალურმა საბაზრო ღირებულებამ $12-მილიარდიან ნიშნულს მრავალჯერ გადააჭარბოს.

აგრეთვე ჩარლზ III-ის განკარგულებაშია ათამდე სასახლე და სამეფო რეზიდენცია, მათ შორის ყველაზე პომპეზური და ისტორიული თვალსაზრისით ფასდაუდებელი კი, რა თქმა უნდა, ბუკინგემის სასახლეა, რომელსაც ექსპერტები თითქმის 5 მილიარდ დოლარად აფასებენ.

ღირებულებით მეორე ადგილზეა ჰამპტონის სასახლე, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1.2 მილიარდ დოლარს აღწევს; ხოლო მონარქის უძრავ ქონებაში მესამე ადგილზე $1.1-მილიარდიანი შეფასებით კი ლონდონის ტაუერია.

ჩარლზ III-ის ქონებას, ბუნებრივია, არაერთი ექსკლუზიური ნივთიც გამოარჩევს, მათ შორისაა: სპეციალურად მონარქისთვის შექმნილი Rolls-Royce და Bentley.

საგულისხმოა, რომ ბრიტანეთის მონარქის ქონების გამოთვლის პროცესში Forbes-მა ისტორიული მონაცემები და საფრანგეთისა თუ სხვა ევროპული სახელმწიფოების სამეფო ოჯახების აქტივების საბაზრო ღირებულებები გამოიყენა, რათა დაახლოებით დაედგინა, თუ რა ქონებას აკონტროლებს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის $42-მილიარდიანი ქონებით ბრიტანეთის მონარქი ნამდვილადაა საარაკო სიმდიდრის ბატონ-პატრონი, თუმცა ჩინეთის, ინდოეთისა თუ რუსეთის ერთპიროვნულ ლიდერებთან შედარებით ის, შესაძლოა, ღარიბადაც კი ჩაითვალოს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები