მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მიმზიდველია საქართველოსთვის საუდის არაბეთის საექსპორტო ბაზარი? - ნინო ზამბახიძე

643149aabce02
სალომე ხიდურელი
09.04.23 00:26
700
„საუდის არაბეთში იმპორტულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება“ - საკითხზე, თუ რამდენად მიმზიდველია საქართველოსთვის საუდის არაბეთის ბაზარი, BMGTV-ს გადაცემა #Drive-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ასოციაციას უკვე ჰქონდა შეხვედრები როგორც საუდის არაბეთის, ასევე გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან და ამ ქვეყნების საექსპორტო ბაზრად მოაზრება, ლოჯისტიკური სირთულეების მიუხედავად, უკვე შესაძლებელია.

„ჩვენ გვაქვს ხარისხიანი პროდუქტი და წარმოების უწყვეტობა ამისთვის მნიშვნელოვანია. საექსპორტო ლოჯისტიკა, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა, თუმცა გადაჭრის გზებიც არსებობს. უკვე არსებობს პირდაპირი რეისები რიადში და მაისიდან პირდაპირი რეისები ამოქმედდება ჯედაშიც. შესაბამისად, მალფუჭებადი პროდუქტების გადატანა თვითმფრინავით იქნება შესაძლებელი.

საუდის არაბეთი იმდენად სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ტურიზმის კუთხით, რომ უკვე ცდილობენ დაგეგმონ კრუიზები და ჯედა ერთ-ერთ ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად აქციონ. შესაბამისად, მოთხოვნა პროდუქციაზე, რა თქმა უნდა, გაიზრდება და მათაც უნდათ თადარიგის დაჭრა“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, საუდის არაბეთი ღიაა ნებისმიერი ტიპის პროდუქციისთვის, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი, რათა ქვეყანა რუსეთის ბაზარზე აღარ იყოს დამოკიდებული.

„ერთადერთი, რასაც საუდის არაბეთი უხვად აწარმოებს, არის რძის პროდუქტები, რისი ძალიან დიდი ესპორტიც აქვთ. მაგრამ დანარჩენი პროდუქციის იმპორტი ხორციელდება. ეს არის ხილი და ბოსტნეული, უალკოჰოლო სასმელები... ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო ბაზარი, რომ რუსეთზე აღარ ვიყოთ დამოკიდებული.

ბაზრის დივერსიფიკაცია მარტივი არ არის, საკმაოდ რთულია. ჩვენი ამოცანაა, როგორმე დავჯაბნოთ რუსული პროპაგანდა, რომელიც ასე ჟღერს: რუსეთი ჩამოდის რეგიონში და წინასწარ გაძლევს ფულს შენი პროდუქტისთვის ისე, რომ ხარისხის სერტიფიკატსაც არ გთხოვს. ფერმერს ვერ გაამტყუნებ, მას უნდა ევროპაში გაიტანოს პროდუქტი, მაგრამ ბევრ ბარიერს აწყდება“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება პრობლემაა, რომლის გადასაჭრელადაც, ფერმერებთან ერთად, სახელმწიფოს როლიც მაღალია.

„თუ ერთ ქვეყანას შენზე გააჩნია ისეთი ეკონომიკური ძალაუფლება, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს შენს ეკონომიკას დაარტყას, იმას აღარც შენი დაპყრობა სჭირდება და აღარც იარაღი.

გამოსავალი რა არის: სახელმწიფოს ვალდებულებაა სხვადასხვა ბაზრის მოძიებაში დაეხმაროს ფერმერს. უნდა შეიქმნას ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც უხვი მოსავლის შენახვა მოხდება. მხოლოდ ფერმერების მიერ თავიანთი გზის გაკვლევა საკმარისი არ არის. ხელისუფლებამ უნდა ჩადოს დიდი ძალისხმევა სხვა ბაზრების ათვისებაში“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები