საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისთვის კომერციული ბანკების დაფინანსება მნიშვნელოვანია.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ეს ერთ-ერთი საკითხია, რაც მზის ელექტროსადგურების მიმართულებით მომუშავე კომპანიებმა საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენისა და ფორუმის ფარგლებში გააჟღერეს.
მაია მელიქიძის განმარტებით, ამჟამად პრობლემატურია სესხის უზრუნველყოფის საკითხი, რადგან ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ მზის ელექტროსადგური უზრუნველყოფისთვის საკმარისი არაა და ხდება დამატებითი უძრავი ქონების მოთხოვნა. ამიტომ, კერძო სექტორს სურს, ბანკებთან ითანამშრომლოს ისეთი საკრედიტო პროდუქტების განვითარებაზე, რომლითაც ისარგებლებენ.
„ვფიქრობ, ამ ტიპის ფორუმი და გამოფენა არაჩვეულებრივი ხიდია იმისთვის, რომ მოხდეს კერძო სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების დაკავშირება. აქ საუბარია არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე, არამედ თავად კომერციულ ბანკებზე. სესიაზე მზის კომპანიებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ესაჭიროებათ დახმარება. ასე ვთქვათ, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას ითხოვენ კომერციული ბანკების მხრიდან პროდუქტების შექმნის პროცესში“,- აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისივე თქმით, საბანკო დაფინანსების გარეშე კერძო სექტორი ვერ შეძლებს 2030 წლისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ნიშნულის მისაღწევად საჭირო სიმძლავრეების განვითარებას. საუბარია ჯამურად 500 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.