მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძო სექტორი ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობას სექტემბრიდან შეძლებს. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებები შეცვლის CFD აუქციონებს, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, პირდაპირი კონტრაქტები მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი გენერაციის ობიექტების გამრავალფეროვნებას და რაოდენობრივ ზრდას.
BMG-სთან საუბრისას მაია მელიქიძემ თქვა, რომ კერძო სექტორის ნაწილი ამ მიდგომას მიესალმება. მისი განმარტებით, იმისთვის რომ ბიზნესმა თავი დაცულად იგრძნოს, არსებითია, რომ პროცესის კონკურენციის, ობიექტურობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით წარიმართოს.
„ჩვენ ვართ ენერგოდეფიციტური ქვეყანა - რაც დრო გადის მოხმარება კიდევ უფრო იზრდება და ფაქტია, რომ გენერაცია ვერ ეწევა. ამასთან, ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც საინტერესოა საექსპორტო პოტენციალის თვალსაზრისით როგორც თურქეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის და მათ შორის სომხეთისთვისაც, სადაც წელს პირველად მოვახდინეთ ელექტროენერგიის ექსპორტი. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მალე ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოვყალიბდებით და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან მიმართებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა მიიღო საქართველომ, ვინაიდან მალე უკვე დაიწყება მშენებლობის პროცესი და ბუნებრივია, განახლებადი ენერგიის ექსპორტი უნდა მოვახდინოთ ევროპელ პარტნიორებთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტრაქტები. თუმცა ამის მიღმა, უნდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებისას, ვინაიდან აუქციონი არ იქნება, აუცილებელია დაცული იყოს კონკურენციის, ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის სტანდარტი. კერძო სექტორისთვის ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი, რათა, საბოლოო ჯამში, პროცესის მიმართ უნდობლობა არ ჩამოყალიბდეს. ამ ეტაპისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესმენების გარკვეული ნაწილი მიესალმება ამ მოცემულობას“,- განმარტავს მაია მელიქიძე.
რაც შეეხება მოლოდინებს, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თავდაპირველად ბიზნესი ძირითადად დაკვირვების რეჟიმში იქნება და პროცესის გააქტიურება ოქტომბრიდანაა მოსალოდნელი.
„ზოგადად, კერძო სექტორი აკვირდება ხოლმე პროცესს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ასე იყო ენერგეტიკულ ბირჟასთან მიმართებითაც. პირველი სექტემბრიდან, რა თქმა უნდა, იქნება დაინტერესება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ძალიან აქტიური იქნება კერძო სექტორი, რასაც სექტემბერზე ვერ ვიტყვით, როდესაც გარკვეულწილად მოსინჯვას მოახდენენ თავისი ძალების, ურთიერთობების და ა.შ.“,- აღნიშნა მელიქიძემ.
მეორე CFD აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობამ დაადგინა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც კერძო სექტორი 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე) შემთხვევაში ტარიფი 6.5 ცენტია, ქარის ელექტროსადგურების - 6 ცენტი, ხოლო მზის ელექტროსადგურების - 5.6 ცენტი.
მაია მელიქიძე აღნიშნავს, რომ ჰიდროენერგეტიკის სექტორს შედარებით მაღალი ტარიფის მოლოდინი ჰქონდა, ვინაიდან დადგენილი ტარიფით ჩადებული ინვესტიციის ამოღების ვადა ხანგრძლივდება.
„მზის კომპანიები მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან. ჰიდრო სექტორი ცალსახად ამბობს, რომ მეტის მოლოდინი ჰქონდა, ვინაიდან ჩადებული ინვესტიციის ამოღებას გეგმავენ ხოლმე დაახლოებით 10 წელიწადში, ეს არის მაქსიმალური პერიოდი, თუმცა ამ ტარიფიდან გამომდინარე, შედარებით მეტ დროს მოითხოვს ჩადებული ინვესტიციის ამოღება. ამიტომ, ინვესტორების მხრიდან იყო საუბარი, რომ უკეთესი იქნებოდა, ტარიფი უფრო მაღალი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კერძო სექტორისგან არაა მზაობა ის მედიანური ტარიფები იყოს გამოყენებული, რომელიც დადგინდა მეორე CFD აუქციონის დროს“,- განმარტა მაია მელიქიძემ.