შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პერსპექტივა ზრდის საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მიმზიდველობას უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის – ასეთია მაია მელიქიძის მტკიცე პოზიცია. ERRA–ს და GREDA–ს წარმომადგენელი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ საქართველომ ისტორიული მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვას და უნდა დაამტკიცოს ის, რაც ყოველთვის იყო მისი მისია – დერეფნის როლი აზიასა და ევროპას შორის. ისტორიული პოტენციალის ათვისების გზაზე, მაია მელიქიძე ხელისუფლებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს ურჩევს, კარგად დააკვირდეს აზერბაიჯანის განვითარების დინამიკას ამ მიმართულებით.
„ეს არის ქართული პროექტი ... მეტი გონიერება უნდა გამოვავლინოთ“ – ამბობს მაია მელიქიძე „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის ძირითადი პარამეტრები შთამბეჭდავი და მასშტაბურია: 1 000 მეგავატი სიმძლავრის კაბელი, რომელიც აზერბაიჯანულ ელექტროენერგიას ევროპაში გაიტანს, რეკორდულად გრძელი, 1 100 კმ-იანი იქნება. კაბელის გაყვანას და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საერთო ჯამში, 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია მზად არის პროექტი 2.3 მილიარდი ევროთი დააფინანსოს.ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საქართველომ მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის ე.წ. Feasibility Study-ს ეტაპისთვის 2.5 მლნ ევრო უკვე დახარჯა და შესწავლის ერთი ეტაპი წელს უნდა დასრულდეს. საქართველოს მთავრობის ცნობით, შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური აგებულების შესწავლაზე საქართველოს მიერ დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაიხარჯება, ასევე სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოიცავს, იმისთვის რომ საქართველოს მხრიდან აღნიშნული პროექტის რეალიზაცია სრულყოფილად მოხდეს, ასევე 5 მლნ ევროს ოდენობით გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივი ასევე ფინანსურ საკითხებში. ამ პროცესში საქართველოს მთავარი მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია.
მაია მელიქიძე „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ინვესტორებისთვის ტრადიციულ ფაქტორებთან ერთად, დამატებული ღირებულებაა, აქ საკუთარი თანხების დასაბანდებლად. '
„ჩვენი ქვეყანა საინტერესოა რამდენიმე მიზეზის გამო – განმარტავს მაია მელიქიძე – პოტენციალის გამო, მეორე – საგადასახადო სისტემის გამო, მესამე – გარემოს გამო, მეოთხე – ადამიანების გამო, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს კვალიფიციური კადრები და მეხუთე – ეს არის სიტუაცია, რომელიც ეუბნება მათ, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ექნება შესაძლებლობა, უფრო მეტი ექსპორტის შანსი მისცეს. ვგულისხმობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა დავამთხვიოთ“.თუ ასე არ მოხდება, ERRA–ს დაGREDA–ს წარმომადგენლის თქმით, „მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, მალე გვეტყვის, რომ მე ავაშენებ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამტარს და თუ თქვენ არ გაქვთ იმის პოტენციალი, რომ თქვენს ქვეყანაშივე გენერირებული ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოთ, მე გამოვიყენებ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ შესაძლებლობას“.
„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე – ხედავთ თუ არა ამ ნაწილში საფრთხეს, რადგან თქვენი პასუხიდან მინიშნებასავით მივიღე, რომ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, თუნდაც ამ პროექტის კომუნიკაციის თვალსაზრისით და მათ შორის, პოზიციონირების თვალსაზრისითაც, რომ საქართველო უფრო მეტად გამოჩნდეს, როგორც ამ პროექტის ერთ–ერთი ინიციატორი – ბოლო–ბოლო საქართველომ დაუკვეთა ამ პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევა – მაია მელიქიძე გვპასუხობს, რომ „ეს არის ქართული პროექტი. ეს არის ჩვენი პროექტი და ჩვენ – ქართველებმა უნდა ავიღოთ ამ პროექტზე ლიდერშიფი ანუ წამყვანი როლი“.
მისივე თქმით, საქართველომ, ცხადია, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს მეზობელ ქვეყნებთან და მათაც მისცეს შესაძლებლობა, თავიანთი სიტყვა თქვან, თუმცა, ისტორიული მომენტი სათანადოდ უნდა შეაფასოს.„უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვავლინოთ – შორსმჭვრეტელობა, სტრატეგიული დატვირთვა – ის, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში – ჩვენ ყოველთვის ვიყავით აზიისა და ევროპის გასაყარზე დერეფანი – ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ენერგეტიკული ჰაბი და ამ შანსს ნუ გავუშვებთ ხელიდან“ – ამბობს მაია მელიქიძე „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში.
გუშინ საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ეწვია. შავი ზღვის კაბელის პროექტი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებების ფორმატში არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს მხარის სასაუბრო ფოკუსი არ ყოფილა.