"ნამახვანჰესის" პროექტი აღდგება, – ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ დროს ისაუბრა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ხუდონის პროექტსაც განახორციელებს „მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით“. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობით განხორციელდება.
ERRA–ს ხელმძღვანელმა და GREDA–ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ცუდსა და უარესს შორის არჩევანზე ისაუბრა, როცა საქმე ინვესტორთა ნდობას და ენერგო–პროექტებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ჩართულობას ეხება.
მაია, სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროექტში გადასახადების გადამხდელთა ფულით – სახელმწიფო ბიუჯეტით. ეს რაიმე ფორმით მოქმედებს ამ პროექტის მიმართ ნდობაზე – თუნდაც, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან?
ძალიან კარგი კითხვაა. დიახ – ზუსტად ეს არის პასუხი იმისა, რომ თუკი ვთქვათ სახელმწიფო იქნება გარკვეულწილად პასუხისმგებელი და არა მხოლოდ ინვესტორის ამარა დავტოვებთ საზოგადოებას, ეს სინთეზი აუცილებლად იქნება მეტი ნდობის აღმძვრელი იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ კითხვები.
სახელმწიფო და ინვესტორი ალბათ თანაბარ დონეზე უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე და დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი. გადამხდელის ფული – თქვენი ფული, ჩემი ფული, ყველას ფული, რომელიც მიედინება ბიუჯეტში – არის და უნდა იყოს მიმართული ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გასაკეთებლად.
ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ცოტა არ მესმის რაციო იმისა, რასაც თქვენ ახლა მე მეუბნებით. არის ძალიან მიმზიდველი პროექტი. არის ინვესტორი, რომელიც მზად არის დამოუკიდებლად დააბანდოს პროექტში საკუთარი ფული და დაზოგოს გადასახადების გადამხდელთა – ანუ ჩვენი ფული. სხვა ყველაფერს, რაზეც თქვენ მე მესაუბრებით ისედაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო. თან – ინვესტორის მიერ თანხის დაბანდება, საერთოდ არ ნიშნავს, ინვესტორის ამარა რაიმეს დატოვებას – ჰესის ნაწილობრივ მფლობელი, მისი მარეგულირებელი და თამაშის წესების განმსაზღვრელი ისედაც სახელმწიფოა ...
თუმცა, მექნება კონტრარგუმენტი. თქვენ ახლა რა ლოგიკაც განავითარეთ, არ არსებობს იდენტურივე ნდობა საზოგადოების მხრიდან ინვესტორისადმი, როგორიც იყო ვთქვათ ENKA-ს შემთხვევაში.
ანუ მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილის ნდობას ყიდულობს გადასახადების გადამხდელთა დიდი ნაწილი, რომელსაც შესაძლოა სჯერა ამ პროექტის?
მე ასე არ ვიტყოდი, რომ ნდობას ყიდულობს. ყიდულობს ქვეყნის მომავალს. წარმატებულ მომავალს. ზოგადად, ვარ იმის მომხრე, რომ ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა და საერთოდ არ ჩავრთოთ ამ ნაწილში ხალხის თანხა – ბიუჯეტის თანხას ვგულისხმობ, ბუნებრივია. თუმცა, ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში – არაერთხელ მითქვამს თქვენს ეთერშიც და სხვა ეთერშიც – რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ განვვითარდეთ. თუ ეს ყველაფერი გაჩერდება, უახლოეს მომავალში შედეგზე ვერ გავალთ. ეკონომიკურ დოვლათს ვერ დაწერს ქვეყანა. ადამიანები ვერ შეძლებენ გამდიდრებას.
უარესის თავიდან ასაცილებლად, ცუდი არჩევანი უნდა გავაკეთოთ?
უარესი შედეგი დადგება, თუ ჩვენ ახლა გავჩერდებით. მე არაერთგზის მითქვამს – უფრო მძიმე სცენარით მითქვამს, რომ სახელმწიფომ ააშენოს და შემდეგ, გაყიდოს. სახელმწიფოს მიმართ ნდობა საზოგადოების მხრიდან უფრო მაღალია, ვიდრე, ვთქვათ, იმ ინვესტორის მიმართ, რომელსაც არ იცნობენ. არ აქვს ამ შემთხვევაში, ინვესტორის კონკრეტულ სახელსა და გვარს ან კომპანიას მნიშვნელობა. ზოგადად, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. უნდა დავაბალანსოთ იმისთვის, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით ერთ ადგილას და ერთ ადგილზე ყოფნა, თუ არ იქნება პროგრესი, ავტომატურად, არაფრის კეთება, გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს უკანსვლას.
ეკონომიკის მინისტრმა თქვა, ევროპელი ინვესტორები არიან დაინტერესებულებიო. ინტერესსა და რეალურ ინვესტირებას შორის არის სხვაობა. დღეს – საარბიტრაჟო დავის პირობებში, რამდენად შეუშლის ხელს ინვესტორს ამ პროექტის გარშემო არსებული გაურკვევლობა?
აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ ჰესს დადებითი ისტორია არ აქვს. თუმცა, რადგან ინვესტორი დაინტერესდა, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას აქვს გარკვეული მიზანი, რომ ეს მართლაც დიდი შესაძლებლობა, რომელიც ამ ქვეყანას შეიძლება გაუჩნდეს, გამოიყენოს. მაგრამ დასაწყისშივე, საწყის ეტაპზევე უნდა მოხდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ სწორად გადავდგათ ნაბიჯები და ის შეცდომები, რომლებიც ნამდვილად იყო დაშვებული, კიდევ ერთხელ აღარ დავუშვათ – სახელმწიფომ და იმ ადამიანებმა, ვისაც გვაქვს სურვილი, რომ გვქონდეს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გენერაციის წყარო. აქედან გამომდინარე, თავიდანვე, დაწყებით ეტაპზევე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალობა, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება. და აქვე ვიტყვი – არა ის, რომ – და მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ მეორე მხარიდანაც იქნება ასეთივე პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯები და მხოლოდ პასუხი – არა! – არ იქნება.
და ამ ნაწილში ჩემი ბოლო კითხვა – რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე კარგად გამოჩნდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ენერგო–უსაფრთხოებას. რამდენად ფრთხილად უნდა ვიყოთ ინვესტორის შერჩევისას? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ომის ფონზე, რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაც მზარდია. თუ არის საჭირო რაიმე ტიპის სქრინინგის მექანიზმი და მეორე მხრივ, გვაქვს თუ არა დღეს ქვეყანას იმის ფუფუნება, რომ ასე ვარჩიოთ ინვესტორები?
მოდი, მარტივად ვთქვათ: ვის არ აწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი? ამ კითხვაზე პასუხი, რეალურად, მარტივია. რაც უფრო მეტად შეექმნება ბარიერები საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციის წყაროებს – მსხვილი, საშუალო, მცირე – მით უფრო მეტად გავხდებით იმპორტ–დამოკიდებული ქვეყანა და მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი იქნება ენერგო–დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომლის მხოლოდ ერთი შემადგენელია ნაწილია ენერგო–უსაფრთხოება, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ირიბი თუ პირდაპირი მეთოდებით მუშაობა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია სხვადასხვა ტიპის პროპაგანდა – ეს ერთადერთი წყალს ასხამს იმპორტ–დამოკიდებულების წისქვილზე და მეორე – უშლის ხელს ჩვენს ქვეყანას ხელს, რომ რაც შეიძლება მეტი მდიდარი, შეძლებული ადამიანი იყოს ამ ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს არც უმუშევრობის [მაღალი] მაჩვენებელი და შესაბამისად, არც – კადრების გადინება.