მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო სექტორი დაკვირვების რეჟიმშია" - მაია მელიქიძე ენერგეტიკულ ბირჟაზე

მაია მელიქიძე
02.07.24 15:57
153

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კერძო სექტორის წარმომადგენლები ენერგეტიკულ ბირჟას აკვირდებიან.

ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მაია მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია როგორც მიმწოდებლების, ასევე მომხმარებლების რეგისტრაცია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი მაღალი არაა, რადგან ბირჟის გარეთაც შესაძლებელია ვაჭრობა, ამიტომ ურჩევნიათ სიახლეებს თავი აარიდონ და ბაზარს დააკვირდნენ.

“აუცილებელია არა მხოლოდ მიმწოდებლების რეგისტრაცია, ასევე მომხმარებელთა რეგისტრაცია. ახლა კერძო სექტორი დაკვირვების რეჟიმშია. მაღალი ალბათობით, რადგან არ არის სავალდებულო და არის ასე ვთქვათ, სარეკომენდაციო ხასიათის, ჯერჯერობით აკვირდებიან და ფიქრობენ, მიიღონ თუ არა გადაწყვეტილება შესვლასთან დაკავშირებით. ესაა დღევანდელი მოცემულობა. მარტო მიმწოდებელზე არაა საუბარი, თუ მომხმარებლები არ შევლენ ბაზარზე, ბუნებრივია მიმწოდებლისთვის არ იქნება მომხიბვლელი ეს მდგომარეობა და თავს შეიკავებს ბაზარზე შესვლისგან”, - ამბობს მაია მელიქიძე.

მისივე თქმით, მომდევნო სამი თვე GREDA პროცესს დააკვირდება და თუ ტენდენცია არ შეიცვლება, კერძო სექტორის ხელშემწყობ მექანიზმებზე მსჯელობისთვის შესაბამის საჯარო უწყებებთან გაიმართება შეხვედრა.

“სამი თვის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და თუ ვნახეთ, რომ ეს პროცესი ამ მდგომარეობაში იქნა გაჩერებული, მაშინ გვაქვს გეგმაში, რომ შევხვდეთ ბატონ მინისტრს, სხვა უწყებებსაც: ესკოს, სემეკს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ბირჟის წარმომადგენლებს და ვისაუბროთ იმ ხელშემწყობ მექანიზმებზე, რომლებიც დაეხმარება კერძო სექტორს, რომ უფრო აქტიური იყოს ბირჟაზე რეგისტრაციასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით”, - აცხადებს მაია მელიქიძე.

6-ჯერ გადავადების შემდეგ, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის" განცხადებით, პირველ დღეს ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა. ამჟამად სულ 4 მონაწილეა რეგისტრირებული:

  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
  • შპს რიცეულაჰესი;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები