მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად ქმედითია სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები - აუდიტის ანგარიში

622c941e3ee57
BM.GE
12.03.22 17:02
1268

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ქმედითია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ღონისძიებები ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2018 წლიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდს. ანალიტიკური მიზნებისთვის, ასევე ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმულირებისას გათვალისწინებულა 2021 წლის ბოლომდე პერიოდი.

აუდიტი წერს, რომ ვაჭრობის ხელშემწყობი სააგენტოები უნდა იკვლევდნენ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით კომპანიების საჭიროებებს და ჰქონდეთ შესაბამისი მექანიზმები ასეთი ინფორმაციის სისტემატურად მოპოვებისა და დროული გავრცელებისათვის.

სააგენტო "აწარმოე საქართველოს" ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების შესწავლის შედეგად კი გამოვლინდა, რომ სააგენტოს არ აქვს შეფასებული, რამდენად აქვთ კომპანიებს ექსპორტის ხელშემწყობ სერვისებზე ინფორმაცია და რამდენად მიუწვდებათ ხელი მათთვის საჭირო სავაჭრო ინფორმაციაზე.

აუდიტის ჯგუფმა გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შეაფასა კომპანიების ინფორმირებულობის დონე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

 


"როგორც გრაფიკიდან ჩანს, გამოკითხული კომპანიების მცირე რაოდენობამ იცის ექსპორტის ხელშემწყობი სერვისების შესახებ (EEN, ტრენინგები).

დაბალია პოტენციური საექსპორტო ქვეყნების შესახებ ცნობადობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ყოველწლიურად აანალიზებს სამინისტრო, კომპანიების დიდი ნაწილისთვის ცნობილი არ არის კვლევების შესახებ. ამასთანავე, დაბალია იმ ვებგვერდების
(crop2shop,86 dcfta, helpdesk) შესახებ ცნობადობაც, სადაც შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული სავაჭრო ინფორმაციის ნაწილობრივ მოძიება.

გამოკითხული კომპანიების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სახელმწიფო, თუ დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ, მაშინ როდესაც კომპანიების გამოკითხვის შედეგად ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სწორედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სახელდება".

გრაფიკებში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე გაცილებით დაბალია არაექსპორტიორ კომპანიებში.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს ძირითად სავაჭრო პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) არ არის ინტეგრირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:

• ეკონომიკის სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებული მიზნობრივი ბაზრების შესახებ ინფორმაცია;
• დონორების პროექტების და სხვა სახელმწიფო უწყებების პროექტების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სანდო კვლევითი ორგანიზაციების სახელმძღვანელოები და მათ მიერ შემუშავებული ექსპორტის გზამკვლევები;
• მიზნობრივ ბაზრებთან დაკავშირებულ დეტალებში/მოთხოვნებში გასარკვევად შემუშავებული ვებგვერდები (trade.ec.europa.eu; dcfta.gov.ge).

"ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ჩატარებული საჭიროებების კვლევა დაეხმარება სააგენტოს, გამოავლინოს ექსპორტიორი კომპანიებისათვის საჭირო ინფორმაცია, შეაფასოს არსებული სერვისების შესახებ ცნობადობა და გასაგებად, მარტივად მიაწოდოს კომპანიებს უკვე არსებული სავაჭრო ინფორმაცია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ყველა არსებული შესაძლებლობა ექსპორტის გასავითარებლად"-ნათქვამია ანგარიშში.

დასკვნის სახით აუდიტი აცხადებს, რომ სააგენტოს სამიზნე, პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების იდენტიფიცირების პროცესი არათანმიმდევრულია და ზოგიერთ შემთხვევაში არ ეფუძნება სიღრმისეულ კვლევას. ამასთან, პრიორიტეტული პროდუქტების/სექტორების შერჩევის თანმიმდევრული პროცესის შექმნა, მათ შორის, მიწოდების ჯაჭვის დეტალური კვლევების ჩატარება, უზრუნველყოფს გამჭვირვალე, ობიექტურ საფუძველს სააგენტოს ღონისძიებების მიზანმიმართულად დაგეგმვისთვის.

"სააგენტოში არსებული ბაზები ექსპორტიორი და ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიების შესახებ არაერთგვაროვანი, არასრული და მოძველებულია. ბაზები არ შეიცავს ინფორმაციას ექსპორტის განხორციელების სტატუსის, სერტიფიკატების, საწარმოო სიმძლავრეების შესახებ"-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ კმაყოფილების კითხვარების შედეგების მიხედვით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს ორი ძირითადი სერვისით მოსარგებლე კომპანიებს, სააგენტოს საქმიანობა გამოფენებისა და სასერტიფიკაციო კურსის ორგანიზების მიმართულებით დადებითად ფასდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები