მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად რეალურია ფასების კლება საქართველოში, როცა გლობალურად "პროდუქტი უკვე მინდორში ძვირდება"? - ანალიზი

მირანდა მანჯგალაძე

რიტეილ ექსპერტ მირანდა მანჯგალაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, ინფლაციური რისკები გაზრდილია და გლობალურად „პროდუქტი უკვე მინდორში ძვირდება“, სურსათზე ფასების შემცირებისთვის ადმინისტრაციული ჩარევა დროებითი და სახიფათო ილუზიაა.

„უნდა დავსვათ ბევრი „რატომ“ კითხვა, რომ მივიდეთ იმ საფუძველთან, რაც იწვევს მაღალი ფასის სიმპტომს“, - აცხადებს რიტეილ ექსპერტი, რომელმაც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა, როგორც „ფასების კომისიის“ სამუშაო მიზნების რეალურობაზე, ისე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ნეგატიურ ეფექტზე, რაც საქართველოში სურსათის ფასებზეც იმოქმედებს.

გლობალური ფაქტორები: "მინდვრიდან დახლამდე"

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო მცირე და იმპორტდამოკიდებული ეკონომიკაა, ამიტომ გლობალური პროცესებისგან იზოლირება შეუძლებელია. შესაბამისად, მისი თქმით, ომი და ლოგისტიკური კრიზისი პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასზე.

Rabobank-ის კვლევებზე დაყრდნობით, მირანდა მანჯგალაძე განმარტავს, რომ ძვირდება არა მხოლოდ საწვავი, არამედ სასუქებიც, რაც აგროსურსათის ფასზეც აისახება.

„საწვავთან არის მობმული ლოგისტიკა, საიდანაც ჩნდება პროდუქტი დახლზე. თუ ეს ყველაფერი გაიზარდა, როგორ შევამცირებთ ფასს?!“ - კითხვას სვამს რიტეილ ექსპერტი.

ფასებზე მოქმედ გლობალურ ფაქტორებზე საუბრისას მირანდა მანჯგალაძემ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც ახსენა.

„როდესაც დირექტიულად და იმპერატიულად ვამბობთ, რომ უნდა შემცირდეს ფასი, მაგრამ ვაძვირებთ ღირებულებას (მაგ. ელექტროენერგია), როგორ არის შესაძლებელი ფასის შემცირება?!“, - აცხადებს ის.

„ფასების კომისია“: ბრძოლა სიმპტომთან და არა ვირუსთან

მირანდა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ „ფასების კომისიის“ მუშაობა ფოკუსირებულია ფასზე, როგორც შედეგზე და არა მის გამომწვევ მიზეზებზე.

„სამთვიანი კომისია, რომლის [მიზანი] შემოიფარგლება ფასის, როგორც სიმპტომის შემცირებაზე, არასწორია და ეს არის დროებითი... უნდა მიდიოდეს მსჯელობა იმაზე, თუ კონკრეტულად რა ვირუსი იწვევს ამ მაღალ ფასს“, - აღნიშნა მან.

მირანდა მანჯგალაძის აზრით, საცალო ქსელებზე (სუპერმარკეტებზე) აქცენტის გაკეთება, როგორც ფასწარმოქმნის „ყველაზე ხარჯიან რგოლზე“, რეალურ სურათს ამახინჯებს. ექსპერტს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წნეხი ბიზნესზე არსებულ ხარჯებს ვერ გააქრობს.

ადმინისტრაციული წნეხის რისკები

რიტეილ ექსპერტი აფრთხილებს ხელისუფლებასა და საზოგადოებას, რომ ფასების ხელოვნური დაწევის მცდელობას მძიმე ეკონომიკური ეფექტი ექნება: „1. დეფიციტი: ბიზნესი, რომელიც ზარალზე ვერ იმუშავებს, უბრალოდ შეწყვეტს კონკრეტული პროდუქციის მოწოდებას. 2. ხარისხის გაუარესება: ფასის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, მოხდეს პროდუქტის დაბალი ხარისხის ანალოგით ჩანაცვლება. 3. გრძელვადიანი ზიანი: მოკლევადიანი გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, იძლევა ძვირად ღირებულ ეკონომიკურ ეფექტს, რომელსაც აუცილებლად იგრძნობს თითოეული ოჯახი საქართველოში.“

შესაძლებლობა კრიზისში და მონაცემთა ანალიზი

ნაცვლად „ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა“, რიტეილ ექსპერტი ორ მთავარ გზას ხედავს, რაც მისი აზრით, სურსათის ფასებზე გავლენას მოახდენს.

ა) ადგილობრივი წარმოების სტიმულირება

„გლობალური ფასების ზრდა ადგილობრივ მწარმოებლებს აძლევს შანსს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები იმპორტთან მიმართებით. ეს არის გზა იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად“, - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

ბ) ინფორმაციული ვაკუუმის შევსება

რიტეილ ექსპერტი კრიტიკულად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქართველი ბიზნესმენები ხშირად უარს ამბობენ მონაცემთა გაზიარებაზე (მაგალითად, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Nielsen). მისი თქმით, ინფორმაციის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება „ერთი თვალით ყურებას“ ჰგავს. „წერტილთან“ ინტერვიუში მირანდა მანჯგალაძემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც რიტეილ ასოციაციას ხელმძღვანელობდა და სურდა, Nielsen-ს საქართველოს FMCG ბაზრის კვლევა ჩაეტარებინა, მაგრამ ბაზრის მოთამაშეებმა არ ისურვეს.

„როდესაც საერთაშორისო კვლევით კომპანია Nielsen-თან ინფორმაციის გაზიარების საკითხზე რამდენიმე შეხვედრა მქონდა, კონფიდენციალურობა აბსოლუტურად დაცული იყო. მათთვის საქართველოს ბაზარი მხოლოდ ერთ-ერთი სეგმენტია, სადაც მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის აგრეგირების მაღალი სტანდარტები მოქმედებს. მაშინ მათ ასეთი რამ მითხრეს: ქართველი ბიზნესმენები ბაზარს მხოლოდ „ერთი თვალით“ უყურებენ, რადგან მხოლოდ საკუთარ ვიწრო სპექტრს ხედავენ. როდესაც ბაზარზე ისეთი კომპანია შედის, როგორიც Nielsen-ია და აგრეგირებულ ანგარიშებს წარადგენს, ბიზნესი „ორივე თვალით“ იწყებს ხედვას. ეს მწარმოებელს საშუალებას აძლევს, დაინახოს საკუთარი თავი კონკურენტებთან მიმართებით, შეაფასოს ეფექტურობა და განსაზღვროს, რა საჭიროებს გაუმჯობესებას. საბაზრო კვლევა მწარმოებლებისთვის გადამწყვეტია - ამ რეპორტების საფუძველზე ისინი გეგმავენ წარმოების მოცულობას, მეთოდებსა და იმპორტის რაოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის დონეზე ბევრი შეხვედრა გაიმართა, მსგავსი კვლევა ვერ ჩატარდა. სამი-ოთხი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით - მაშინ წევრებმა ინფორმაციისა და ტრანზაქციების გაზიარებაზე თავი შეიკავეს. ამის მიზეზი ისევ და ისევ კონფიდენციალურობის დარღვევის შიში იყო.

სინამდვილეში, ბიზნესს იმის კი არ უნდა ეშინოდეს, რომ ინფორმაციას გასცემს, არამედ იმის, რომ მას სრულყოფილად არ ფლობს და ბაზარს მხოლოდ საკუთარი გადასახედიდან უყურებს. დღევანდელ მსოფლიოში ინფორმაცია გლობალურია - ის განსაზღვრავს, ხარ თუ არა ლიდერი. ამიტომ, მონაცემთა გაზიარება, პირველ რიგში, თავად ბიზნესის ინტერესებში შედის“, - განაცხადა რიტეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები